ომარ ვაშაკიძე
ომარ შალვას ძე ვაშაკიძე (დ. 27 აპრილი, 1933, სოფ. დიდი ჯიხაიში, ახლანდ. სამტრედიის მუნიციპალიტეტი, — გ. 27 ივლისი, 2007, თბილისი) — ქართველი აგრარიკოს-ეკონომისტი. ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1989), პროფესორი (1995).
დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ეკონომიკური ფაკულტეტი (1955). 1959–1964 წლებში მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის ეკონომიკისა და ორგანიზაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, 1964–2006 წლებში — საქართველოს სახელმწიფო საგეგმო კომიტეტთან არსებულ სახალხო მეურნეობის ეკონომიკისა და დაგეგმვის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სოფლის მეურნეობის განყოფილების გამგედ. 1959 წლიდან ლექციებს კითხულობდა საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და თბილისის სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. 1992–1998 წლებში იყო სახელმწიფო მრჩეველი საქართველოს სახელმწიფო მეთაურის (1995 წლიდან — საქართველოს პრეზიდენტის) აპარატში. მონაწილეობდა ქვეყნის აგრარულ-სამრეწველო კომპლექსის ეკონომიკისა და მართვის საკანონმდებლო აქტების შემუშავებაში. ვაშაკიძის შრომები ეძღვნება აგროსამრეწველო კომპლექსის ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, მართვისა და დაგეგმვის საკითხებს. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).
ლიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 198.