ოლღას მონასტერი, ახალქალაქური მონასტერი (ცნობილი ისტორიულ წყაროებში) — მცხეთის დედათა მონასტერი, მდებარეობს მცხეთის რკინიგზის სადგურის პირისპირ, მთის კლდოვან ფერდზე, მდინარე მტკვარის მარჯვენა ნაპირზე, აგებულია XI-XII საუკუნეებში.

აქ არსებული სამონასტრო კომპლექსიდან შემორჩენილია ღვთისმშობლისა და ღვთისმშობლის მიძინების ეკლესიები. ისტორიულ წყაროებში ღვთისმშობლი ეკლესია ცნობილია ახალქალაქურის სახელწოდებით. 1609 წელს ლუარსაბ II-საგან დევნილმა გიორგი სააკაძემ თავის ახლობლებთან ერთად ახალქალაქურ მონასტერს შეაფარა თავი.

ვიკიციტატა
„მას ზეით მცხეთის ხიდის სამხრით არს მონასტერი ახალქალაქური, ყოვლადწმიდისა, უგუნბათო, კეთილს ადგილს, იდგნენ მოწესენი.“
(ვახუშტი ბატონიშვილი, „საქართველოს გეოგრაფია“, 1904 წ., გვ. 76)

როგორც ნატროევი თავის ნაშრომში იუწყება, ამ ადგილას სამი ეკლესია მდგარა: წმ. ეკატერინესი, ღვთისმშობლის მიძინების და წმ. მოწამე მარინესი. 1891 წელს ოლღა გორნიჩმა გააწმენდინა მიწით დაფარული ეკლესია, შეაკეთებინა და დააარსა იქ დედათა მონასტერი. მონასტერი იკურთხა საქართველოს ეგზაქოსი პალადის მიერ იმავე წელს.

ღვთისმშობლის ეკლესია

რედაქტირება

ღვთისმშობლის ეკლესია დარბაზულია (13,6X6,7 მ), ნაგებია საშუალო ზომის ნატეხი ქვით. შესასვლელი დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. აღმოსავლეთით განიერი, ნახევარწრიული აფსიდია. დარბაზის ნახევარწრიული კამარის საბჯენი თაღი პილასტრებს ეყრდნობა. აღმოსავლეთის, სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებში გაჭრილია თითო სარკმელი. კანკელი (XVIII-XIX სს.) იმეორებს შუა საუკუნეების კანკელთა ფორმას.

ეკლესიას დასავლეთით ეკვრის კარიბჭე, რომლის შუა ნაწილი გვერდის ნაწილებთან შედარებით რამდენიმეჯერ ამაღლებულია. იგი გადახურულია კედლის პროფილირებულ ორნამენტიან შვერილებზე დაყრდნობილი ვარსკვლავისებრი შეკრული კამარით, რომლის ცენტრში ორნამენტიანი მედალიონია ვარდულით.გარედან კარიბჭის სამხრეთის კედელი საერთო მოხატულობიდან გამოწეულია. დასავლეთის ფასადზე შემორჩენილია ლავგარდნის ორი ქვა. კარიბჭე თავისი კონსტრუქციითა და გაფორმებით სამთავროს ტაძრის სამხრეთ კარიბჭის მსგავსია და განეკუთვნება XI-XII საუკუნეებს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ”საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა” რედკოლეგია: ვ. დოლიძე, ს. კინწურაშვილი, უ. სიდამონიძე, თბილისი 1990, ტომი 5