ოლეგ ლეონტიევი
ოლეგ ლეონტიევი (რუს. Олег Константинович Леонтьев; დ. 19 თებერვალი, 1920 — გ. 13 დეკემბერი, 1988) — რუსი გეომორფოლოგი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი (1957), პროფესორი (1960). რსფსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1980). სკკპ წევრი 1944 წლიდან. მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. მისი სამეცნიერო ინტერესის სფეროს წარმოადგენდა: ზღვის ნაპირების გეომორფოლოგია, გეოლოგია და ზღვის ფსკერის გეომორფოლოგია.[1]
ოლეგ ლეონტიევი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 19 თებერვალი, 1920 |
დაბ. ადგილი | უიარი |
გარდ. თარიღი | 13 დეკემბერი, 1988 (68 წლის) |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | ნიკოლო-არხანგელსკის სასაფლაო |
მოქალაქეობა | სსრკ |
საქმიანობა | მეცნიერი |
მუშაობის ადგილი | მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | მსუ გეოგრაფიული ფაკულტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი |
ჯილდოები | მედალი „1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის“ და რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე |
ბიოგრაფია
რედაქტირებაოლეგ ლეონტიევი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტების დამთავრების (1948) შემდეგ, გაგზავნეს ქალაქ მაჰაჩყალაში, სადაც დაიწყო კასპიის ზღვის სანაპირო და წყალქვეშა რელიეფის შესწავლა. 1951 წლიდან მუშაობდა მოსკოვში, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტზე (1960 წლიდან პროფესორია, 1961–86 წლებში გეომორფოლოგიის კათედრის გამგე). ლეონტიევმა დიდი წვლილი შეიტანა თეორიული და ზღვის გეომორფოლოგიის განვითარებაში, ხელი შეუწყო ზღვის ნაპირების გეომორფოლოგიის როგორც მეცნიერების დარგის განმტკიცებას.[2]
ჩამოაყალიბა სანაპირო პროცესებისა და ნაპირების რელიეფის ფორმების პრინციპი; შეისწავლა ბაიკალის, კასპიის, ოხოტისა და სხვა ზღვების, ჩინეთის, ალბანეთის, კუბის, ინდოეთისა და წყნარი ოკეანის კუნძულების ნაპირები, აგრეთვე ზღვის დონის რყევის გავლენა ზღვის ნაპირების განვითარებასა და უტალღო ფაქტორების როლი სანაპირო რელიეფის ჩამოყალიბებაში. შეიმუშავა ზღვის ნაპირების დარაიონების პრინციპები და ტიპოლოგია. წყალქვეშა რელიეფის შესწავლის საქმეში შექმნა მსოფლიო ოკეანის ფსკერის მორფოსტრუქტურის კლასიფიკაცია; ერთ-ერთმა პირველმა დაასაბუთა შუაოკეანური ქედების პლანეტარული სისტემის ერთიანობა. არის 300-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.[3] რუსული გეომორფოლოგიური სკოლის ფუძემდებელია, რომლის მიმდევართა შორის არიან ლევ ნიკიფოროვი, გენადი საფიანოვი და სხვა.[2]
ლეონტიევი იყო მრვალრიცხოვანი ექსპედიციების მონაწილე შავ, კასპიის, ბალტიის, ოხოტის, ყვითელ, იონიის და სხვა ზღვებზე. მის ნაშრომებს დიდი გამოყენებითი მნიშვნელობა ჰქონდა სანაპირო ზონის მშენებლობის დარგსა და ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა ექსპლუატაციაში, ნავთობის საბადოებისა და აგრეთვე სანაპირო ქვიშრობების გამოვლინებაში. დაჯილდოებულია მედლით 1941-1945 წლების დიდ სამამულო ომში გერმანიაზე გამარჯვებისათვის. დიმიტრი ანუჩინის ორგზის ჯილდოს ლაურეატი (1972, 1981). მისი სახელობისაა წყალქვეშა მთა წყნარ ოკეანეში (1993).[4]
თხზულებები
რედაქტირება- Геоморфология морских берегов и дна. М., 1955;
- Основы геоморфологии морских берегов. М., 1961;
- Краткий курс морской геологии. М., 1963;
- Дно океана. М., 1968;
- Основы физической географии Мирового океана. М., 1974;
- Геоморфология морских берегов. М., 1975;
- Морская геология. М., 1982;
- Физическая география Мирового океана. М., 1982.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Леонтьев Олег Константинович | Летопись Московского университета
- ↑ 2.0 2.1 Олег Константинович Леонтьев | Большая российская энциклопедия
- ↑ Вклад Олега Константиновича Леонтьева в развитие геоморфологии
- ↑ Олег Константинович Леонтьев | Географический факультет МГУ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-23. ციტირების თარიღი: 2021-10-23.