ოთარ ჯიოითი

ოსი მეცნიერი, პედაგოგი და ფილოსოფოსი.
(გადამისამართდა გვერდიდან ოთარ ჯიოევი)

ოთარ ჯიოითი, ოთარ ჯიოევი (დ. 16 თებერვალი, 1928, თბილისი — გ. 1999) — ოსი მეცნიერი, პედაგოგი და ფილოსოფოსი. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1972). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1983 წლიდან). ღირსების ორდენის კავალერი (1998).

ოთარ ჯიოითი
დაბ. თარიღი 16 თებერვალი, 1928(1928-02-16)[1]
დაბ. ადგილი თბილისი, ასფსრ, სსრკ[1]
გარდ. თარიღი 1999[1]
მოქალაქეობა  სსრკ
საქმიანობა ფილოსოფოსი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები ღირსების ორდენი

ბიოგრაფია

რედაქტირება

ოთარ ჯიოითი დაიბადა 1928 წლის 16 თებერვალს თბილისში. 1945 წელს დაამთავრა თბილისის ვაჟთა მე-19 სკოლა და სწავლა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1949 წელს იგი გადავიდა მოსკოვის ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1950 წელს. ამის შემდეგ იგი ბრუნდება საქართველოში და მუშაობას იწყებს ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, ხოლო 1951-1954 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტია.

1955-1957 წლებში ოთარ ჯიოთი კვლავ ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში მუშაობს უფროს მასწავლებლად. 1957 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტშია, ჯერ უმცროს, შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1970 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ისტორიული მატერიალიზმის განყოფილებას, რომელიც საბჭოთა პერიოდის ბოლო ხანებში გადაკეთდა კულტურის ფილოსოფიის განყოფილებად.

ოთარ ჯიოთიმ 1957 წელს დაიცვა საკანდიდატო, 1972 წელს კი სადოქტორო დისერტაცია. 1983 წელს აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. გარდაიცვალა 1999 წელს.

100-ზე მეტი მონოგრაფიისა და სტატიის ავტორი.

შემოქმედება

რედაქტირება

ოთარ ჯიოთის შემოქმედებაში კვლევის ძირითადი სფეროები იყო ისტორიის ფილოსოფია, ისტორიული აუცილებლობის ბუნება, კულტურის ფილოსოფია, კულტურა და შემოქმედება. მისი მთავარი შრომები სწორედ ამ პრობლემებისადმია მიძღვნილი. მის ნაშრომებში გადმოცემულია მისი არგუმენტირებული შეხედულებები ისტორიული აუცილებლობის ბუნებაზე, კულტურის ფილოსოფიაზე, კულტურისა და ფილოსოფიის მიმართებაზე და სხვა.

ჯიოთის მეცნიერულ მოღვაწეობაში საეტაპო იყო მისი მონოგრაფია „Природа исторической необходимости“ (1967). მის ამ უმნიშვნელოვანესი გამოკვლევში ერთი მთავარი დასკვნა არის ის, რომ მისი აზრით, ისტორიის ობიექტური კანონზომიერების პირობებშიც კი ადამიანი ბოლომდე არ არის განსაზღვრული სინამდვილის კაუზალური (მიზეზ-შედეგობრივი) დეტერმინაციით, რადგანაც თავის ქმედებებში ადამიანი ამავე დროს არის თავისუფალი.

ოთარ ჯიოთის შემოქმედებაში ასევე საყურადღებოა მისი თვალსაზრისი ისტორიის ობიექტური კანონზომიერების პირობებში რა ვითარებაში და როგორ შეიძლება შეინარჩუნოს ადამიანმა დამოუკიდებლობა და თავისუფლება. მისი აღნიშვნით, თავისუფლება, როგორც დეტერმინაციის ფორმა

 
„იმ შემთხვევაში იქნება განსხვავებული დეტერმინაციის ფორმებისგან, თუ აღმოჩნდება, რომ პიროვნებაზე მოქმედება შეუძლია არა მხოლოდ მატერიალურს, არამედ იდეალურსაც. მაშინ თავისუფლება, როგორც დამოუკიდებლობა, იქნება ნამდვილი თავისუფლება ფიზიკური, მატერიალური დეტერმინაციისგან.“

XX საუკუნის ქართულ ფილოსოფიაში აქტუალური კვლევის საგანი გახდა რენესანსისა და ჰუმანიზმის პრობლემები. ამ საკითხს შეეხო ო. ჯიოთიც მის მეორე, მნიშვნელოვან მონოგრაფიაში „Материалистическое понимание истории и буржуазная философия“, (1974). აქ მან კრიტიკულად განიხილა ჰუმანიზმის ძირითადი იდეები და მისი შეფასებები XX საუკუნის ევროპულ ფილოსოფიაში. მისი აღნიშვნით ტრადიციულ გაგებით ჰუმანიზმმა ადამიანი დააყენა სამყაროს ცენტრში და მოუწოდებდა მის განთავისუფლებას გარეშე, ტრასცენდენტური ძალების დაქვემდებარებისგან. ჰუმანიზმი მოითხოვდა სიკეთეზე, ბედნიერებასა და თავისულებაზე ადამიანის უფლების აღიარებას. ამასთან, ყველაფერ ამის განხორციელებას მოითხოვდა არა იმქვეყნიურ, არამედ ამქვეყნიურ სამყაროში. რაც მთავარია ამ მოთხოვნის განხორციელებისადმი ოპტიმისტურად იყო განწყობილი.

ოთარ ჯიოთის მოღვაწეობის მეორე ნახევარში მისი კვლევა-ძიების ძირითადი თემა იყო კულტურის ფილოსოფია, მას დიდი წვლილი მიუძღვის კულტურის ფილოსოფიურ გააზრებაში, კულტურისა და ფილოსოფიის მიმართების გარკვევაში. ამაზე ნათლად მეტყველებს ამ მიმართებით გამოქვეყნებული მისი ნაშრომების სათაურები: „კულტურის პრობლემა მარქსისტულ ფილოსოფიში“ (1975), „Культура как творчество“ (1979), „Культура и человеческое бытиеЁ (1980), „კულტურა და ადამიანის ცხოვრება“ (1985), „რა არის კულტურა“ (1986), „კულტურა და ფილოსოფია“ (1983; 2008. ქართულ და ოსურ ენებზე) და მრავალ სხვა. კულტურის ფილოსოფიაში ოთარ ჯიოთის ნაშრომებში გატარებული ძირითადი აზრები აკუმულირებულია, მართალია მცირე მოცულობის, მაგრამ ღრმასაფუძვლიან გამოკვლევაში „კულტურა და ფილოსოფია“ (2008). ამ ნაშრომში საყურადღებოა ო. ჯიოთის თვალსაზრისი ფილოსოფიაზე, როგორც ეპოქისა და კულტურის თვითცნობიერებაზე. ასევე საინტერესო და საყურადღღებოა მისი მოსაზრებები ხელოვნების, მხატვრული ლიტერატურის ადგილზე ამა თუ იმ ერის სულიერ ცხოვრებაში.

ჯიოთის აზრით, კულტურა არის არა ადამიანის მიერ შექმნილის (მატერიალური ნივთების, ხელოვნებისა და ლიტერატურულ ნაწარმოებების, მეცნიერული შეხედულებების და სხვა) მექანიკური ჯამი, არამედ სამყაროსადმი, საზოგადოებისა და თვით ადამიანისადმი ადამიანის დამოკიდებულების გამოხატვა კულტურის მოვლენებით. თავისი მოსაზრების დასადასტურებლად მას მოჰყავს ეგვიპტის აკლდამები და პირამიდები. ამ ძეგლებში ჩანს იმდროინდელ ეგვიპტელთა არა მხოლოდ მეცნიერული და ტექნიკური შესაძლებლობები, არამედ მათი ღირებულებითი დამოკიდებულებები, წარმოდგენები მაგალითად, სიკვდილსა და სიცოცხლეზე და სხვა მოვლენებზე. ამ კუთხით ის განიხილავს, აგრეთვე, ძველი ბერძნებისა და ჩინელების შემოქმედებას, მათ ღირებულებით დამოკიდებულებებს.

ოთარ ჯიოთი საფუძვლიანად მსჯელობს ადამიანის, კულტურისა და ფილოსოფიის აუცილებელ შინაგან კავშირზე. მისი აზრით, ფილოსოფიისგან დაცლილი კულტურა სხვა არაფერი იქნება თუ არა, მაცოცხლებელ იდეებს მოკლებული ადამიანის ტექნიკური მიღწევების, ცოდნისა და თანაცხოვრების ერთობლიობა. თავის მხრივ კულტურას მოკლებული ფილოსოფია კი, განყენებულ ცნებათა უაზრო ტრიალი. მისი საბოლოო დასკვნით:

 
„ფილოსოფია, მსოფლმხედველობა ადამიანის მოქმედების, მისი ცხოვრების კულტურაა, ხოლო ადამიანი არ შეიძლება არ ზრუნავდეს თავისი ქცევის, თავისი ცხოვრების კულტურაზე.“

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • კულტურა და ფილოსოფია, ბთ., 2008, ISBN 99940-25-23-6
  • რა არის კულტურა, თბ., 1987
  • კულტურა ადამიანის ცხოვრებაში და ბრძოლა უარყოფით მოვლენებთან. თბ., 1985
  • კიტა მეგრელიძე, თბ., 1982
  • სოციალისტური წარმოების წესის თავისებურებანი, თბ., 1960

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართველი ფილოსოფოსები: IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით: ცნობარი, ბთ., 2004, გვ.212-213
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 3, თბ., 2001, გვ. 104
  • მახარაძე მ., ერთ-ერთი მესაძირკვლე, თსუ I საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია — „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“. შრომების კრებული, I. თბ., 2015, გვ. 109-111.
  • მახარაძე მ., ოთარ ჯიოთის შემოქმედების ზოგიერთი ასპექტი, თსუ II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია — „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“. შრომების კრებული, II. თბ., 2016, გვ. 132-141
  • თევზაძე გ., მახარაძე მ., მოაზროვნე და პიროვნება (ოთარ ჯიოითი - 90), გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 16 თებერვალი, 2018 წ.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება