ოთარ ჯაყელი
ოთარ ალექსანდრეს ძე ჯაყელი (დ. 16 თებერვალი, 1920, ჭიათურა ― გ. 2000, თბილისი) ― ქართველი არქიტექტორი.
ბიოგრაფია
რედაქტირებაოჯახი
რედაქტირებაოთარ ჯაყელი დაიბადა ჭიათურაში ცნობილი ქართველი მეწარმისა და შავი ქვის საექსპორტო საზოგადოება „ჩემოს“ პრეზიდენტის, ალექსანდრე ჯაყელის ოჯახში. საქართველოს გასაბჭოებისთანავე ჯაყელების ოჯახი სტამბოლში გადასახლდა. თუმცა „ნეპის“ (ბოლშევიკების მიერ გამოცხადებული ახალი ეკონომიკური პოლიტიკა) პერიოდში საბჭოთა ხელისუფლება იძულებული გახდა მისთვის დაბრუნება და საქმის გაგრძელება ეთხოვა, რადგან ჭიათურის მარგანეცის უცხოელი მომხმარებლები თავიანთ პარტნიორად მხოლოდ სააქცო საზოგადოებასა და მის პრეზიდენტს სცნობდნენ და უარს ამბობდნენ ბოლშევიკებთან საქმიან ურთიერთობაზე. 1926 წელს სტალინმა პირადად ურჩია ნებეყოფლობით გადაეცა სააქციო საზოგადოების საკუთრება საბჭოთა ხელისუფლებისათვის, რაზედაც უარი მიიღო. ალექსანდრე ჯაყელი დააპატიმრეს, მაგრამ მალევე დარწმუნდნენ მის გარეშე მარგანეცის გაყიდვას ვერ მოახერხებდნენ და აშშ-ში გაგზავენეს მოლაპრაკების დასაწყებად. პრეზიდენტ ჰერბერტ ჰუვერთან შეხვედრისას ალექსანდრე ჯაყელმა ობიექტური ინფორმაცია მიაწოდა მას ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიის შესახებ. შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ლაპარაკი რუსეთისთვის საერთაშორისო სანქციების შემოღების თაობაზე. საქართველოდან ალექსანდრეს შეუთვალეს, რომ ანტისაპჭოთა მოღვაწეობის გაგრძელების შემთხვევაში მის ოჯახს გაანადგურებდნენ. ჯაყელების ოჯახის სამშობლოში დარჩენა სახიფათო გახდა, ამიტომ 1929 წელს ნინო ხუჯაძემ აჭარელი მეგობრების დახმარებით, ვაჟთან, ოთართან ერთად მალულად დატოვა საქართველო და სტამბოლის გავლით პარიზში ჩავიდა, იქიდან კი ბელგიაში გაემგზავრა. ალექსანდრე ჯაყელი ამერიკიდან აღარ დაბრუნებულა. ოთარის უფროსი ძმა კუკური გასაბჭოებამდე ინგლისში წავიდა.
ცხოვრება ემიგრაციაში
რედაქტირებაბრიუსელში დასახლებულ ჯაყელებს ხშირად სტუმრობდნენ ქართული ემიგრაციის გამოჩენილი მოღვაწეები, მეცნიერები, უცხოელი ქართველოლოგები. ოთარს ქართულ ენასა და ისტორიას ექვთიმე თაყაიშვილი ასწავლიდა. კოლეჯის დამთავრების შემდეგ სწავლა ბრიუსელში არქიტექტურისა და გამოყენებითი ხელოვნების უმაღლეს ინსტიტუტში არქიტეტქურის ფაკულტეტზე გააგრძელა, მაგრამ მეორე მსოფლიო ომის დაწყების გამო დიპლომის დაცვა ვერ მოახერხა. ოთარს, როგორც უცხოელს, არ შეეძლო ბელგიის არმიაში სამსახური, ამიტომ საფრანგეთის „უცხოურ ლეგიონში“ მოხალისედ ჩაეწერა და მსახურობდა სადესანტო-მოიერიშე „ფანტომში“. ოთარი და მისი ძმა კუკური 1940 წლის 5-17 ივნისს სედანთან გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლებში მონაწილეობდნენ.
ომის დასრულების შემდეგ ოთარ ჯაყელი ბელგიაში დაბრუნდა. იყო ბელგიის ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე. პირველ მეუღლესთან, მუსიკოს ელენე წერეთელთან შვილები არ ჰყოლია. 1955 წელს მეორე მეუღლესთან, ცნობილ პიანისტ ეთერ რუხაძესთან ერთად გაემგზავრა კონგოში, სადაც დაიბადა მათი ვაჟი. ოთარი იქ დიდ მშენებლობას ხელმძღვანელობდა. 1960 წელს პატრის ლუმუმბას რევოლუციის შემდეგ ძლივს გამოაღწია კონგოდან ცოლ-შვილთან ერთად და ბელგიაში ჩავიდა. ერთი თვის შემდეგ ოჯახი პარიზში გადასახლდა. ოთარმა შექმნა თავისი არქიტექტურული სახელოსნო, რომელიც ემსახურებოდა ცნობილი პარიზელი არქიტექტორის, დელაჟის ყველაზე პრესტიჟულ სახელოსნოს.
სამშობლოში დაბრუნება
რედაქტირება1968 წელს ოთარ ჯაყელი ცოლთან და სამ შვილთან - გივისთან, თამართან და ალექსისთან ერთად სამშობლოში დაბრუნდა. მუშაობა დაიწყო სამხატვრო აკადემიაში არქიტექტურის კათედრზე და საპროექტო ინსტიტუტ „საქქალაქმშენსახპროექტში“ წამყვან არქიტექტორად. მისი მეუღლე თავდაპირველად კონსერვატორიაში მუშაობდა, მერე გაანთავისუფლეს და კერძო გაკევთილებს უტარებდა მოსწავლეებს. დიდი გაჭირვების მიუხედავად, ჯაყელებმა არ მიიღეს სამთავრობო შეთავაზებები და არ დაბრუნდნენ ემიგრაციაში. ოთარი 2000 წელს გარდაიცვალა.
ოთარის უმცროსი ვაჟი რეჟისორი ალექსი ჯაყელი საფრანგეთში მოღვაწეობს.