ოთარ ნიკოლოზის ძე ეგაძე (დ. 8 ნოემბერი, 1913, სოფ. ტირძნისი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, — გ. 7 ნოემბერი, 1995, თბილისი) — ქართველი ჟურნალისტი, მწერალი, ხელოვნების კრიტიკოსი. საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1963).

დაამთავრა ლენინგრადის ჟურნალისტიკის ინსტიტუტი (1939). მუშაობდა ჟურნალისტად მოსკოვსა და ლენინგრადში. 1941-1943 წლებში მონაწილეობდა II მსოფლიო ომში. 1943 წელს იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ბეჭდვითი სიტყვის სექტორის გამგე, 1944 წელს — საქართველოს სახალხო კომისართა საბჭოსთან არსებული ხელოვნების მთავარი სამმართველოს უფროსი, 1945 წლიდან — მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის მარქსიზმის კლასიკოსების თარგმნის სექტორის გამგე, 1949–1951 წლებში — გაზეთ „პრავდის“ საკუთარი კორესპონდენტი საქართველოში, 1951–1953 წლებში — საქართველოს კინემატოგრაფიის მინისტრი, 1953 წელს — გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ რედაქტორი, 1953–1973 წლებში — ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნების“ მთავარი რედაქტორი, 1973 წლიდან — გამომცემლობა „ხელოვნების“ დირექტორი, 1981–1982 წლებში — საქართველოს თეატრალური საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1982 წლიდან — საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთა არსებული პარტიის ისტორიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი.

ეგაძის ძირითადი ნაშრომები: „ქართული ბალეტი“ (1961), „თეატრში და თეატრს მიღმა“ (1969), „გასტროლები, შეხვედრები, შთაბეჭდილებები“ (1975), „მხატვართა შორის“ (1976) და სხვ. ავტორია ბალეტის ლიბრეტოებისა („სინათლე“, 1947; „გორდა“, 1949 და სხვ.), დოკუმენტური პიესისა „გარიჟრაჟი“ (1970); კრებულისა „მოთხრობები, ნოველები, ესეები“ (1986); რომანისა „დღენი ჩვენი ბრძოლებისა“ (ტრილოგიის I ნაწ., 1988).

ლიტერატურა

რედაქტირება