ოზაანის სამების ეკლესია

ოზაანის სამების ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. დგას სოფელ ოზაანის სამხრეთ-დასავლეთით, 1,5 კილომეტრზე, მთის ქედზე. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით.

ძეგლი სხვადასხვა პერიოდის ორი ნაწილისგან შედგება — მცირე ზომის, თითქმის კვადრატული გეგმის (4,8x3,5 მეტრზე), რომელიც თავდაპირველი ნაწილის უშუალო გაგრძელებას კი არ წარმოადგენს, არამედ ოდნავ ირიბად ერწყმის და მასთან საერთო ორკალთა სახურავის ქვეშაა მოქცეული. შენობის ორივე ნაწილი რიყის ქვითა და კვადრატული აგურით ტლანქადაა ნაგები. თავდაპირველი ნაწილი გარედან და შიგნიდან შელესილია. მოგვიანებით მიშენებული ნაწილის კედლების წყობა კი, თავდაპირველი ნაწილისგან განსხვავებულია. აქ საფასადო წყობის ქვედა ნახევარი რიყის ქვისაა, რომელშიც თანაბარი ინტერვალებით ჩართულია ორრიგად ნაწყობი აგურის ჰორიზონტალური რიგები. კედლების ზედა ნახევარი კი აგურისაა და მხოლოდ აქა-იქაა ჩართული რიყის ქვის მოკლე რიგები. შესასვლელი მოგვიანებით მიშენებული ნაწილის დასავლეთ კედელშია. კარი შიგნიდან და გარედან გადახურულია აგურით ნაწყობი, დადაბლებული პროპორციების, ოდნავ ნალისებრი თაღით.

ეკლესია უფასადოა, აღმოსავლეთით დასრულებულია სწორკუთხა საკურთხევლით. საკურთხევლის ნაწილი დარბაზისგან გამოყოფილია მცირე სიგანის მხრებით, რომლებიც ზემოთკენ თანდათან ვიწროვდება და კამარის მრუდს ერწყმის. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედლის შუაში თაღოვანი სარკმელია მოწყობილი, ჩრდილოეთ კედელში კი — მცირე ზომის ნიშა. თითო ნიშა გრძივ კედლებშიცაა, საკურთხეველთან ახლოს. შიგნიდან და გარედან სწორკუთხაა. მეორე სარკმელი გვიანდელი ნაწილის დასავლეთ კედელში შესასვლელი თაღის თავზეა. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკის მიმართ ოდნავ შემაღლებულია, დარბაზის სივრცეში რამდენადმე (დაახლოებით I მეტრით) წინ წამოწეული, შუაში კი ნახევარწრიული ამბიონი აქვს მოწყობილი.

საკურთხევლის კედლებზე და კამარაზე შემორჩენილია „ხალხური“ მხატვრობის გაჭვარტლული ფრაგმენტები. გვიანდელი ნაწილის გრძივ კედლებზე თითო ფართო პილასტრია რომელზეც აგურით ნაწყობი კამარის საბჯენი თაღი გადადის. „პილასტრების“ ერთი წყვილი დარბაზის შუაშიცაა — შენობის ნაწილთა საზღვარზე. ისინი თავდაპირველი ეკლესიის დასავლეთ კედლის გაჭრის შედეგადაა მიღებული. ეკლესიის იატაკი მოგებულია კვადრატული აგურით. შენობა დგას რიყის ქვითა და აგურით ნაგებ მაღალ (სიმაღლე 0,8 მეტრი) ბაქანზე. ფასადები სადაა, დასრულებულია ორსაფეხურიანი, აგურით ნაწყობი ლავგარდნით, რომელსაც განივ ფასადებზე, ფრონტონის ძირის დონეზე, პატარა, ჰორიზონტალური შემონაკეცები აქვს. დასავლეთ ფასადზე, შესასვლელის გვერდით (ჩრდილოეთით) პატარა ნიშაა, რომელიც გადახურულია ერთმანეთზე კუთხით მიყრდნობილი ორი აგურით. სახურავი ორფერდაა, დაბურულია ღარისებრი კრამიტით. დასავლეთ ფრონტონის წვერზე დადგმულია ოთხწახნაგა, ოთხივე მხარეს სწორკუთხა ღიობით გახსნილი აგურის სამრეკლო, რომელიც დასრულებულია პირამიდული სახურავით.

2010 წელს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ეკლესია დაუდევრად გარემონტდა: ინტერიერის მნიშვნელოვანი ნაწილი შეილესა გაჯით, აღმოსავლეთ სარკმელი გარედან დადაბლდა, ფასადების დაზიანებული ნაწილი კი კირით გაილესა.

ლიტერატურა რედაქტირება