ნონოს პანოპოლელი
ნონოს პანოპოლელი (ბერძნ. Νόννος ὁ Πανοπολίτης, Nónnos ho Panopolítēs) — ბერძენი პოეტი, ბერძნული ეპიკური პოეზიის სკოლის დამაარსებელი. ავტორია რამდენიმე თხზულებისა. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს „დიონისიაკა“ („Διονυσιακά“), რომელიც 48 წიგნისგან შედგება და აღწერს დიონისეს ლაშქრობას აღმოსავლეთში ვენახის კულტურის გავრცელების მიზნით. ამას გარდა მასვე ეკუთვნის „იოანეს სახარების“ გალექსვა.
ბიოგრაფია
რედაქტირებანონოსის ცხოვრების შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი. ის ფაქტი, რომ პანოპოლისიდან იყო, ჩანს „პალატინის ანთოლოგიის“ 9.198 ეპიგრამიდან: „მე ვარ ნონოსი, ჩემი ქალაქია პანოსი.“ არ არის ზუსტად განსაზღვრული, თუ რა პერიოდში მოღვაწეობდა. ზოგადი მონაცემებით უნდა ემოღვაწა IV - V საუკუნეებში.[1] ასევე, უნდა ეცხოვრა კლაუდიანის თხზულების, „გიგანტომაქის“ (ახ. წ. 394–397) შემდგომ პერიოდში. ნონოსს იხსენიებს თავის თხზულებაში აგათია სქოლასტიკოსი, რაც იმის მიმანიშნებელია, რომ VI საუკუნეზე გვიან ვერ იქნებოდა.
დიონისიაკა
რედაქტირებანონოსის უმთავრესი თხზულებაა „დიონისიაკა“(„Διονυσιακά“), რომელიც შედგება 48 წიგნისაგან და წარმოადგენს ყველაზე ვრცელ ეპიკურ თხზულებას ანტიკური პერიოდიდან, რომელმაც დღემდე მოაღწია. პოემა დაწერილია დაქტილური ჰექსამეტრით, რაც იმ პერიოდისათვის საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენდა: მთლიანად იყო მოშლილი გრძელ და მოკლე ხმოვნებს შორის განსხვავება. თუ რამდენად ბაძავს ნონსი ჰომეროსს ჰექსამეტრის გამართვაში, შეიძლება იქიდან დავრწმუნდეთ, რომ მთელი წიგნის მანძილზე ანტიკური მეტრიკის წესების დარღვევის მხოლოდ რამდენიმე ათეული შემთხვევაა[2].
პოემის შინაარსს წარმოადგენს ბერძნული პანთეონის ღმერთის, დიონისეს, მოგზაურობა შორეულ აღმოსავლეთში, ინდოეთში. მისი მიზანია ვენახის კულტურის დანერგვა და განვითარება. ნონოსის პოემაში გამოყენებული თქმულება დიონისეზე განვითარდა ალექსანდრე მაკედონელის ლეგენდარული ლაშქრობიდან ინდოეთის წინააღმდეგ და ალექსანდრეს შედარებიდან დიონისესთან. ალექსანდრეს ბრძოლაც მტრების წინააღმდეგ შედარებულია დიონისეს ბრძოლასთან გიგანტების წინააღმდეგ.