სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიღაბი (მრავალმნიშვნელოვანი).

რიტუალური ნიღაბი — ხალხური ან რელიგიური დღეობებისათვის განკუთვნილი ნიღაბი ძველთაგანვე ფართოდ იყო გავრცელებული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (აფრიკა, ევრაზია, ოკეანეთი, ამერიკა). ნიღაბი სიმბოლურად გამოხატავდა ადამიანს ან ცხოველს, ფანტასტიკურ ან მითოლოგიურ პერსონაჟებს. რიტუალური ნიღბების გამოყენება დაკავშირებული იყო ტოტემისტურ ან ანიმისტურ წარმოდგენებთან, წინაპართა და ცხოველთა კულტებთან, რომელთა მიხედვით, ნიღბიანი პიროვნება თვითონვე გარდაისახებოდა იმ არსებად, რომელსაც ნიღაბი გამოხატავდა. ოკეანეთში ნიღაბს იყენებდნენ მამაკაცთა კავშირები, ახალგაზრდების განდობის ცერემონიაში (ინიციაცია). სამხედრო თავდასხმების ან მართლმსაჯულების აღსრულების დროს. ციმბირის ცალკეულ რეგიონებში ნიღბების გამოყენება დაკავშირებული იყო შამანურ ლოცვებთან. ანტიკური სამყაროსა და ძველი მსოფლიოს დაწინაურებული მიწათმოქმედი ხალხების კულტურებში. ნიღბები გავრცელდა სხვადასხვა რელიგიურ რიტუალებსა და მისტერიებში. ისტორიული და არქეოლოგიური მონაცემებით, ნიღბების არსებობა საქართველოში ძველთაგანვეა დამოწმებული. რიტუალურ ნიღბებს საქართველოში იყენებდნენ საახალწლო, ბერიკაობა-ყეენობია, ლაზარობა-გონჯაობისა და მიცვალებულთა სულებისადმი მიძღვნილ რიტუალებში. ეთნოგრაფიული მონაცემებით დამოწმებულია რიტუალური ნიღბების 2 სხვაობა:

  • სახეზე ასაფარებელი, თავზე ჩამოსაცმელი ან თავზე გასაკეთებელი ნიღაბი;
  • ნიღაბსამოსები.

პირველ სახესხვაობას განეკუთვნება ნაჩვრეტებიანი ნიღაბი თვალებზე, ცხვირზე ან ნიკაპზე ასაფარებელი და ადამიანი სახის ან ცხოველის თავპირის გამომსახველი, თავზე ჩამოსაცმელი ან თავზე გასაკეთებელი. ნიღაბს ცვლიდა სახის გამურვის წესი. სახის ან თავზე ჩამოსაცმელ ნიღბებზე, ისევე როგორც სახის გამურვისას, იხურავდნენ თავისებურ ქუდს ან მის იმიტაციას, იკეთებდნენ ფრინველის ფრთებს, ცხოველის რქებს და თოჯინას. ამავე ფუნქციას ასრულებდა თავზე დადგმური საბუდარი შიგ ჩამჯდარი ცოცხალი კრუხით. მეორე სახესხვაობას განეკუთვნება ჩასაცმელი და მოსასხამი ნიღბები; ჩასაცმელი ნიღაბი ზოომორფული ან ანთროპომორფული იყო და ორი ნაწილისაგან — ნიღბისა და ნიღაბსამოსისაგან შედგებოდა, მოსასხამი კი მთლიანი იყო და მუდამ ზოომორფული გამოსახულება (თხა, ცხვარი, ხარი, ღორი, დათვი, მგელი, ფანტასტიკის პერსონაჟები და ა. შ.) ჰქონდა. საქართველოს ცალკეულ კუთხეებში ნიღბების დასამზადებლად იყენებდნენ ქეჩას, ხის ქერქს, ნამჯის ტყავს, გოგრას, სახიან ქსოვილს, ცხოველთა თავის ქალას და ა. შ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ბარდაველიძე ვ., ქართული (სვანური) საწესო გრაფიკული ხელოვნების ნიმუშები, თბ., 1953;
  • რუხაძე ტ., ძველი ქართული თეატრი და დრამატურგია, თბ., 1949;
  • რუხაძე ჯ., სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ქართული საწესო ნიღბები. «მასალები საქართველოს ეთნოგრაფიისათვის», 1955, ტ. 7;
  • მისივე, ქართული ხალხური დღესასწაული, თბ., 1966;
  • ჯანელიძე დ., ქართული თეატრის ხალხური საწყისები, თბ., 1948;