ნიუტონის კანონები
ნიუტონის კანონები — სამი კანონი, რომლებიც საფუძვლად უდევს ეგრეთ წოდებულ კლასიკურ მექანიკას.
ჩამოაყალიბა ისააკ ნიუტონმა 1687 წელს. პირველი კანონი: „ყოველი სხეული ცდილობს შეინარჩუნოს თავისი უძრაობის ან თანაბარი წრფივი მოძრაობის მდგომარეობა, ვიდრე და რამდენადაც იგი იძულებული არ გახდება მოდებული ძალების გავლენით შეიცვალოს ეს მდგომარეობა“. მეორე კანონი: „მოძრაობის რაოდენობის ცვლილება პირდაპირპროპორციულია მოდებული მამოძრავებელი ძალისა და მიმართულია ამ ძალის მოქმედების წრფის გასწვრივ“. მესამე კანონი: „ქმედებას ყოველთვის აქვს ტოლი და საწინააღმდეგო უკუქმედება; სხვანაირად: ორი სხეულის ურთიერთქმედება ტოლია და მიმართულია ერთმანეთის საწინააღმდეგოდ“.
ნიუტონის კანონები არის გალილეო გალილეის, კრისტიან ჰიუიგენსის, თვითნ ნიუტონისა და სხვათა მრავალი დაკვირვების, ცდებისა და თეორიული კვლევის შედეგი. თანამედროვე წარმოდგენებისა და ტერმინოლოგიის თანახმად, I და II კანონის განხილვისას სხეულში უნდა გვესმოდეს მატერიალური წერტილი, ხოლო მოძრაობაში — მოძრაობა ათვლის ინერციული სისტემის მიმართ.
ნიუტონის კანონები მართებული აღარ არის ძალიან მცირე ზომის ობიექტების (ელმენტარული ნაწილაკების) მოძრაობისათვის და სინათლის სიჩქარის მახლობელ სიჩქარეებით მოძრაობისას.
ნიუტონის კანონების ალტერნატიული ფორმულირება:
I კანონი — ათვლის ინერციულ სისტემაში სხეული უძრავია ან მოძრაობს უცვლელი სიჩქარით, ვიდრე მასზე რაიმე ძალა არ იმოქმედებს.
II კანონი — ათვლის ინერციულ სისტემაში სხეულზე მოქმედი ძალები იწვევს ამ სხეულის აჩქარებას და ეს აჩქარება ტოლია მოქმედი ძალების ტოლქმედის შეფარდებისა სხეულის მასასთან
III კანონი — როდესაც ერთი სხეული რაიმე ძალით ზემოქმედებს მეორეზე, ის თავადაც განიცდის ზემოქმედებას მეორე სხეულისაგან იმავე სიდიდისა და საპირისპიროდ მიმართული ძალით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 450.