ნიუტონის კანონები
ნიუტონის კანონები — სამი კანონი, რომლებიც საფუძვლად უდევს ეგრეთ წოდებულ კლასიკურ მექანიკას.[1]
ჩამოაყალიბა ისააკ ნიუტონმა 1687 წელს. პირველი კანონი: „ყოველი სხეული ცდილობს შეინარჩუნოს თავისი უძრაობის ან თანაბარი წრფივი მოძრაობის მდგომარეობა, ვიდრე და რამდენადაც იგი იძულებული არ გახდება მოდებული ძალების გავლენით შეიცვალოს ეს მდგომარეობა“. მეორე კანონი: „მოძრაობის რაოდენობის ცვლილება პირდაპირპროპორციულია მოდებული მამოძრავებელი ძალისა და მიმართულია ამ ძალის მოქმედების წრფის გასწვრივ“. მესამე კანონი: „ქმედებას ყოველთვის აქვს ტოლი და საწინააღმდეგო უკუქმედება; სხვანაირად: ორი სხეულის ურთიერთქმედება ტოლია და მიმართულია ერთმანეთის საწინააღმდეგოდ“.[1]
ნიუტონის კანონები არის გალილეო გალილეის, კრისტიან ჰიუიგენსის, თვითნ ნიუტონისა და სხვათა მრავალი დაკვირვების, ცდებისა და თეორიული კვლევის შედეგი. თანამედროვე წარმოდგენებისა და ტერმინოლოგიის თანახმად, I და II კანონის განხილვისას სხეულში უნდა გვესმოდეს მატერიალური წერტილი, ხოლო მოძრაობაში — მოძრაობა ათვლის ინერციული სისტემის მიმართ.[1]
ნიუტონის კანონები მართებული აღარ არის ძალიან მცირე ზომის ობიექტების (ელმენტარული ნაწილაკების) მოძრაობისათვის და სინათლის სიჩქარის მახლობელ სიჩქარეებით მოძრაობისას.[1]
ნიუტონის კანონების ალტერნატიული ფორმულირება:
I კანონი — ათვლის ინერციულ სისტემაში სხეული უძრავია ან მოძრაობს უცვლელი სიჩქარით, ვიდრე მასზე რაიმე ძალა არ იმოქმედებს.
II კანონი — ათვლის ინერციულ სისტემაში სხეულზე მოქმედი ძალები იწვევს ამ სხეულის აჩქარებას და ეს აჩქარება ტოლია მოქმედი ძალების ტოლქმედის შეფარდებისა სხეულის მასასთან
III კანონი — როდესაც ერთი სხეული რაიმე ძალით ზემოქმედებს მეორეზე, ის თავადაც განიცდის ზემოქმედებას მეორე სხეულისაგან იმავე სიდიდისა და საპირისპიროდ მიმართული ძალით.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
სქოლიორედაქტირება
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 450.