ნინო დობორჯგინიძე
ნინო დობორჯგინიძე (დ. 21 მარტი, 1960, ოზურგეთი) — ქართველი მეცნიერი, ლინგვისტიკის დოქტორი (1988), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი (2022 წლიდან).[1]
ნინო დობორჯგინიძე | |
---|---|
ნინო დობორჯგინიძე | |
დაბ. თარიღი | 21 მარტი, 1960 |
დაბ. ადგილი | ოზურგეთი |
მოქალაქეობა | საქართველო |
საქმიანობა | ენათმეცნიერი |
მუშაობის ადგილი | ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო წოდება | ლინგვისტიკის დოქტორი (1988) |
სამეცნიერო სფერო | ლინგვისტიკა ლინგვისტური იდეების ისტორია; შუა საუკუნეების კვლევები, ციფრული ჰუმანიტარია; კორპუსული ლინგვისტიკა; ძველი ქართული ფილოლოგია. |
ნინო დობორჯგინიძემ 1982 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1996- 2000 წლებში იგი იყო EKD და KAAD ფონდების სტიპენდიატი გიოტინგენის მეცნიერებათა აკადემიაში (პატრისტიკის კვლევების ინსტიტუტში). 2000-დან 2001 წლამდე ფლობდა ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის საერთაშორისო სტიპენდიას და 2002- 2003 წლებში – ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის გეორგ ფორსტერის სტიპენდიას გიოტინგენის მეცნიერებათა აკადემიაში გერმანულ ენაზე მონოგრაფიის დასაწერად 2006 წელს და 2008-2012 წლებში იგი გიოტინგენის მეცნიერებათა აკადემიისა და ჰუმბოლდტის ფონდის ერთობლივ სტიპენდიებს ფლობდა. სხვადასხვა დროს იყო მოწვეული მკვლევარი გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტში და პროპაგანდა ფიდეს ისტორიულ არქივში, იტალიაში.[1]
1984-1988 წლებში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.[1]
1983–2006 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძველი ქართული ენის კათედრსთან არსებული სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი. 2004-2012 წლებში ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი ჯგუფის მთავარი ექსპერტი, 2006–2010 წლებში კი იყო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.[1]
2010 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი ენისა და ლიტერატურის მიმართულებით. 2017–2021 წლებში ეკავა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის თანამდებობა. 2022 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, სრული პროფესორი, ლინგვისტიკის დოქტორი (1988).[1]