ნახშირგორის ეკლესია
ნახშირგორის ეკლესია — ეკლესია მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მსხალდიდში. მდებარეობს სოფლის სამხრეთით 5-7 კილომეტრზე, სასაფლაოზე. თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანით. ეკლესიაში შეიმჩნევა ორი სხვადასხვა დროის სამშენებლო ფენა: პირველი ფენა განვითარებული ფეოდალური ხანისაა, ხოლო მეორე ფენა გვიანდელი ფეოდალური ხანის. ეკლესია ნაგებია კარგად გათლილი ქვიშაქვის ქვით. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში შეკეთების დროს აგური გამოუყენებიათ.
ეკლესია დარბაზულია (13,8 X 7,3 მ). შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარი შიგნიდან თაღოვანია, გარედან არქიტრავითაა გადახურული. სწორკუთხა საკურთხეველი გამოყოფილია წყვილი ბურჯით, რომლებსაც სამი თაღი ეყრდნობა. შუა თაღი სხვებთან შედარებით ფართო და მაღალია. თაღედის წინ არდაბაგია გვერდებზე ორსაფეხურიანი კიბეებით. საკურთხევლის შუა ნაწილი გადახურულია ოდნავ შეისრული კამარით ხოლო სამკვეთლო და სადიაკვნე ცილინდრული კამარით. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ქვემოთ ნიშია. საკურთხევლის სამხრეთ გასასვლელი ნიშისმაგვარადაა ამოშენებული . სამკვეთლოს და სადიაკვნეს თითო სარკმელი აქვს და მცირე თაღოვანი გასასვლელებით ნავის აღმოსავლეთ ნაწილში შექმნილ კამაროვან უბეებს უკავშირდებიან. ჩრდილოეთ უბის ჩრდილოეთ კედელში თაღოვანი შესასვლელი (ამოქოლილია) ყოფილა. კარს ზემოთ თაღოვანი სარკმელია. ასეთივე სარკმელი სამხრეთ უბის კედელშიც არის. ამ სარკმლის ქვემოთ თაღოვანი ნიშია. დარბაზის შეისრული კამარა უშუალოდ კედლებს ეყრდნობა. სამხრეთ, ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია.
აღმოსავლეთის ფასადზე, ფრონტონში, საკურთხევლის სარკმლის ზემოთ, აგურის წყობაში ჩასმულ ქვაზე გამოსახულია რელიეფური [[[ჯვარი]]. დასავლეთ კედელი ამოყვანილია ორსაფეხურიან ცოკოლზე, რომლის ქვედა საფეხური სწორკუთხაა, ზედა - ლილვს წარმოადგენს. სამხრეთის და ჩრდილოეთის ფასადებზე საკურთხევლის ნაწილი რამდენადმე წინ წამოწეულია. სამხრეთის ფასადზე კარის არქიტრავის ზემოთ, აგურის წყობაში ჩასმულია წარწერიანი ქვა. მის ზემოთ პატარა თაღოვანი ნიშია. ქვასა და ნიშს შეწყვილებული ლილვით შედგენილი თაღი აქვს. ეკლესიას შემოვლებული აქვს აგურის ორსაფეხურიანი ლავგარდანი. სახურავი ორფერდაა და გადახურულია კრამიტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 295-296.