ნატალია შალიკოვა
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|ნატალია შალიკოვა}} |
ნატალია შალიკოვა (დ.1815, 2 თებერვალი, მოსკოვი — გ. 10 ივლისი, 1878, მოსკოვი) — ქართველი წარმოშობის რუსი მწერალი. მისი დიდი პაპა, თავადი ედიშერ შალიკაშვილი, შვილებთან, დავითთან და დემეტრესთან ერთად 1724 წელს ქართლის მეფე ვახტანგ მეექვსეს გაჰყვა რუსეთში. ნატალიას მამა, მწერალი პეტრე შალიკოვი, დემეტრე შალიკაშვილის შვილიშვილი იყო. პეტრეს ცოლად ჰყავდა გარუსებული გერმანელი, მაღალი არიტოკრატიის წარმომადგენელი, ალექსანდრა თევდორეს ასული ლეისნაუ. მათ შეეძინათ ოთხი შვილი: გიორგი, ანდრია, სოფიო და ნატალია.პეტრე შალიკაშვილის ოჯახში იკრიბებოდნენ იმდროინდელი მოსკოვის ცნობილი ადამიანები, მწერლები და პოეტები. პატარა ნატალია სტუმრებს აოცებდა თავისი პოეტური ნიჭით. ის ექსპრომტად თხზავდა ლექსებს, ერთი მოსმენით იზეპირებდა ავტორთა მიერ წაკითხულ პოეტურ ნაწარმოებებს და მათ ქებას იმსახურებდა.
ნატალია შალიკოვა | |
---|---|
დაბადების თარიღი |
2 თებერვალი, 1815 მოსკოვი |
გარდაცვალების თარიღი |
10 ივლისი, 1878 (63 წლის) მოსკოვი |
ეროვნება | ქართველი |
პროფესია | მწერალი, |
მშობლები | მამა: პეტრე შალიკოვი |
ნატალია შალიკაშვილის სახელს ხშირად ვხვდებით XIX საუკუნის მეორე ნახევრის რუსულ ლიტერატურაში. მწერალი ტატიანა პასეკი თავის წიგნში - „შორეული წარსულიდან“ იგონებს: „როცა მე დავაპირე ჟურნალის გამოცემა, დიდი მოკრძალებით ვთხოვე თავადის ასულს, ქალბატონ ნატალია შალიკოვას, ჩვენს შესანიშნავ პოეტსა და მწერალს, ყოფილიყო ჟურნალის საპატიო თანამშრომელი. ნატალია შალიკოვა გახლდათ ყველაზე კეთილშობილი, პატიოსანი, სულდიდი და ზნემაღალი ადამიანის, საუკეთესო ლიტერატორისა და თავდადებული ჟურნალისტის, დიახ, თავდადებული და ჩვენთვის მისაბაძი ჟურნალისტის, სამაგალითო რედაქტორისა და ბოლოს ისევ დიდებული ადამიანის - პეტრე შალიკოვის უმცროსი ქალიშვილი. ნატალიას არისტოკრატიული სილამაზე მოსკოვის უმაღლესი საზოგადოების ყურადღების ცენტრში იდგა“...
საზოგადოების ყურადღება მიიპყრო, ასევე, ნატალია შალიკოვას მოთხრობებმა და რომანებმა: „ელენე“, „ოჯახური სცენები“, „ყველაფერი სიკარგისათვის“ (სამივე დაბეჭდილია „რუსკი ვესტნიკის“ 1855 წლის, მე-2, მე-10 და მე-12 ნომრებში). მწერლის მიერ გამოქვეყნებული თოთხმეტი ნაწარმოებიდან გამოირჩევა რომანები - "ორი და" და "ლუკმა პურისათვის".
მიუხედავად იმისა, რომ ნატალია შალიკაშვილი უმაღლეს არისტოკრატიულ წრეს ეკუთვნოდა, მისი მხატვრული ნაწარმოებები ეხება იმდროინდელი არისტოკრატიის უაზრო, ქარაფშუტულ და გარყვნილ ცხოვრებას, ადამიანების ჩამორჩენილ აზროვნებას. ავტორი გაბედულად ებრძვის მაღალ ფენებში გამეფებულ სიმახინჯეებს, თუმცა ვერ ხედავს მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს. მწერალი ქალის თხზულებები პროგრესულად მოაზროვნე საზოგადოების მოთხოვნებს აკმაყოფილებდა და ეხმაურებოდა. 1858 წლის „რუსკი ვესტნიკის“ №17-სა და №18-ში დაბეჭდილ მოთხრობაში - „თავისუფალი არჩევანი“, ნატალია შალიკაშვილმა შექმნა ტიპი ქალიშვილისა, რომელიც საუკეთესოდ იყო აღზრდილი. ავტორმა თავისი განათლებული გმირი ქალი მოახვედრა მაღალი საზოგადოების ბნელ, გაუნათლებელ წრეში, დაგვიხატა მისი სულიერი განცდები და ის ზემოქმედება, რომელიც მან მოახდინა გარშემო მყოფ ადამიანებზე.
სიკვდილამდე ორი წლით ადრე, 1876 წელს, ნატალია შალიკაშვილმა დაბეჭდა თავისი უკანასკნელი რომანი - „ლუკმა პურისათვის“, რომელშიც აღწერილია მოსკოვთან ახლოს მდებარე ერთ-ერთ სოფლის მედავითნისა და მისი ოჯახის ცხოვრება. ამ ნაწარმოებმა იმდროინდელი სალიტერატურო კრიტიკის მაღალი შეფასება დაიმსახურა. იწონებდნენ რომანის ენას, კოლორიტურობას და განსაკუთრებით ხაზს უსვამდნენ იმ გარემოებას, რომ მაღალი არისტოკრატიის წარმომადგენელმა მწერალმა ქალმა მოგვითხრო სოფლის ცხოვრებაზე და გამოამჟღავნა იქ მცხოვრები ადამიანების სულის ღრმა ცოდნა.