ნატალია ალექსის ასული რომანოვა

ნატალია ალექსის ასული რომანოვა (რუს. Ната́лья Алексе́евна; დ. 22 აგვისტო, 1673 — გ. 18 ივნისი, 1716) — რომანოვების დინასტიის წარმომადგენელი. რუსეთის ცარ ალექსი I-ისა და ცარიცა ნატალია ნარიშკინას ასული. იმპერატორ პეტრე I დიდის ღვიძლი და.

ნატალია ალექსის ასული რომანოვა
წოდებები
რუსეთის ცარევნა
დაიბადა 22 აგვისტო, 1673
გარდაიცვალა 18 ივნისი, 1716, (42 წლის)
საგვარეულო რომანოვები
მამა ალექსი I, რუსეთის ცარი
დედა ნატალია ნარიშკინა
რელიგია მართლმადიდებლობა

ბიოგრაფია

რედაქტირება

ნატალია ალექსეევნა დაიბადა 1673 წლის 22 აგვისტოს. იგი იყო რუსეთის ცარ ალექსი I-ისა და მისი მეორე ცოლის, ნატალია ნარიშკინას უმცროსი ქალიშვილი. 1676 წელს ცარი ალექსეი გარდაიცვალა და ტახტი ნატალიას ნახევარ-ძმამ, თედორე III-მ დაიკავა, რომელიც 1682 წელს დაიღუპა უშვილოდ. ამგვარ პირობებში ახალი ცარი ნატალიას კიდევ ერთი ნახევარ-ძმა, ივანე V ხდება, რომელიც გონებრივად ჩამორჩენილი იყო, ამიტომაც რეგენტად მისი და, ცარევნა სოფია ალექსეევნა დაენიშნა.

სოფიას რეგენტობის პერიოდში ნატალიას, დედამისსა და მის ღვიძლ და-ძმებს მრავალი სირთულის გადატანა მოუხდათ. ამან იგი თავის ძმას, პეტრეს ძალიან დააახლოვა. იგი იზიარებდა პეტრეს სურვილს რუსეთის ვესტერნიზაციასთან დაკავშირებით. ერთხელ ნატალიამ განაცხადა: „მიყვარს ყველაფერი, რაც ჩემს ძმას მოსწონს“, რაც რეალურად ასეც იყო და იგი მას ყოველთვის და ყველაფერში უჭერდა მხარს. საპასუხოდ, პეტრე ნატალიას ყველაზე მაღლა აყენებდა და თავისი სამხედრო გამარჯვებებისა თუ მიღწევების შესახებ პირველს აუცილებლად ნატალიას უნდა გაეგო, ამის უზრუნველყოფა კი გოდუნოვსა და მენშიკოვს ევალებოდათ.

ნატალია ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც პეტრე I-მა რუსეთში მთელი რიგი რეფორმების გატარება დაიწყო, რათა იგი ევროპული ქვეყნისათვის დაემსგავსებინა. განსხვავებით სხვა დებისაგან, ნატალიას არ გასჭირვებია სიახლეებთან შეგუება. მას შემდეგ, რაც 1698 წელს პეტრე თავის ცოლს, ევდოკია ლოპუხინას გაშორდა, ნატალია გახდა სამეფო კარის დიასახლისი და ფაქტობრივად, ქვეყნის პირველი ქალიც. სწორედ მისი ხელშეწყობით გაიცნო და დაუახლოვდა პეტრე თავის საყვარლებს, ანასტასია კირილოვნასა და ვარვარა მიხაილოვნას. ნატალია არასოდეს დაქორწინებულა და პეტრეს არც არასოდეს უფიქრია მის გათხოვებაზე, რადგან ერჩივნა, რომ იგი გვერდით ჰყოლოდა.

1708 წლიდან სამეფო კარი სანქტ-პეტერბურგში გადავიდა, თუმცა ნატალია 1713 წლამდე მოსკოვში დარჩა, რადგან მისი პალატების მშენებლობა დასრულებული არ იყო. პეტრემ მას მალევე გამოუყო პეტერბურგში დიდი მამული და საკუთარი სასახლის ასაშენებლად დიდი თანხაც მისცა. აქ მან სასახლის ნაცვლად პეტერბურგის ისტორიაში პირველი საავადმყოფო ააშენა. 1706-1707 წლებში ნატალია აარსებს პირველ რუსულ თეატრს, მსახიობებს კი თავის სასახლეში აცხოვრებდა. სულ მალე, თავისი ძმის ქვრივის, პრასკოვია სალტიკოვას ხელშეწყობით მან 1709 წელს პირველი საზოგადოებრივი რუსული თეატრიც დააარსა 1710 წელს კი სამეფო კარისა და თავად-აზნაურებისათვის განკუთვნილი თეატრიც.

აღსანიშნავია, რომ ნატალია ალექსეევნა თავაც წერდა პიესებს. ჩვენამდე მხოლოდ ოთხმა მათგანმა მოაღწია:

  1. „წმინდა ეკატერინეს კომედია“;
  2. „ქრიზანთემა და დარიუსი“;
  3. „კეისარი ოტო“;
  4. „წმინდა ევდოკია“;

თავის პიესებში იგი ფარულად დებდა ძმის რეფორმების საქებარ ქვეტექსტებს, რამეთუ მისი დადგმული სპექტაკლები გამუდმებით აკნინებდა და უარყოფითად აფასებდა ძველ რუსულ ტრადიციებს, პეტრესა და მის რეფორმებს კი ხოტბას ასხამდა.

იგი ასევე ესწრებოდა თავისი რძლის, ეკატერინეს მართლმადიდებლად მონათვლის ცერემონიალსაც. 1715 წლიდან პეტრესა და ნატალიას შორის ურთიერთობა საგრძნობლად დაიძაბა, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ იგი პეტრეს პირველ გაძევებულ ცოლს, ევდოკია ლოპუხინას ეწვია მონასტერში. ნატალია ალექსეევნა გარდაიცვალა 1716 წლის 18 ივნისს კუჭის დაავადებით, 42 წლის ასაკში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Henri Troyat (in Swedish edition): Peter den store (Peter the Great) 1981