ნაგარევის ხიდი
ნაგარევის ხიდი — ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი. მდებარეობს იმერეთის მხარის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგარევში.
ისტორია
რედაქტირებანაგარევი მდებარეობს იმერეთის ჩრდილოეთ მთისწინეთში. ზღვის დონიდან - 100 მეტრი, თერჯოლიდან - 25 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 395 ადამიანი. სოფლის მიდამოებშია 1667 წელს გელათის ეპისკოპოსის გედეონ ლორთქიფანიძის მიერ აგებული ხიდი მდებარეობს, კერძოდ მდინარე ჭიშურაზე.
ცნობილია ასევე „კუზიანი და „თამარის ხიდის“ სახელით. აქ გადიოდა ქუთაისი-თბილისის დიდი შარაგზა, ხიდი დღემდე მოქმედია.
გადმოცემის თანახმად ნაგარევის ტერიტორიაზე სათვალთვალო კოშკები ყოფილა, რომლებიც დროთა განმავლობაში ნანგრევებად ქცეულა. ერთ-ერთი ვერსიით სწორედ აქედან გამომდინარეობს სოფლის სახელწოდებაც.
ერთი სამსართულიანი სათვალთვალო კოშკი დღესაც არის შემორჩენილი ზედა ნაგარევის ტერიტორიაზე და კოშკიდან კარგად ჩანს გზები საიდანაც შეიძლებოდა მტერი შემოსულიყო ქვემო იმერეთში. სოფლის ერთ-ერთი ნაწილი „საბანელა“, მოხსენიებულია XIII საუკუნის წყაროებში.
ნაგარევის ხიდს 2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].
სოფლის სახელწოდება
რედაქტირებაისტორიულად VI-VII საუკუნიდან აქ ყოფილა დაბას ტიპის დასახლება. სამხედრო გზა ადრე ნაგარევზე გადიოდა: ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაური-ონი-მამისონისკენ…. არაბების შემოსევების დროს. ქუთაისიდან არაბებს გამოქცევიათ ტყვეები, თოვლი ყოფილა, მდევარი გამოუყოლებიათ და თოვლში კვალს ნაგარევის ტერიტორიაზე გაუვლია. იმათ უთქვამთ „ნაგა რებიო“, არაბულად ნაგა ტყვეს ნიშნავს თურმე და რებიო კვალს, თითქოს აქედან მოდის სოფლის სახელიც. სწორედ სოფლის სახელწოდებიდან მოდის, ხიდის სახელიც.
თაღოვანი ხიდი
რედაქტირებახიდის ბურჯზე ჩასმულია თაღით დეკორირებული წარწერიანი ქვა, რომელიც გვამცნობს, რომ იგი აგებულია 1667 წელს, გელათელი ეპისკოპოსის გედეონ ლორთქიფანიძის მიერ. ქვაზე ორი წარწერაა, ერთი შესრულებულია ასომთავრულით, მეორე კი – მხედრულით. ტექსტები შემდეგნაირად იკითხება:
„ღმერთო აცხოვნე გენათელი გედეონ და ვინცა შენდობა ბრძანოთ თქვენცა შეგინდოს ღმერთმან, ამინ“
|
„ქ. ბრძანებითა ღვთისათა აღვაგე ხიდი ესე მე გენათელმა ლორთქიფანიძემ გედეონ, სულისა ჩემისა საოხად. ქორონიკონსა ტნვ“
|
ნაგარევის (ჭიშურის) ხიდი გვიანი შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიმუშია, რადგან აქ აშკარად ჩანს განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხიდთმშენებლობის ტრადიციის გაგრძელება (მალების მოხაზულობა, კუზიანი პროფილი, საშენი მასალა) და არა ამ პერიოდის ხიდებისთვის დამახასიათებელი აღმოსავლური გავლენა. ხიდი ორმალიანია და ერთი დიდი, ნახევარწრიული, ოდნავ შეისრული თაღისა და მცირე ნახევარწრიული თაღისგან შედგება. მცირე მალში წყალი მხოლოდ წყალდიდობისას გაედინება. შუა, მართკუთხა გეგმის მქონე ბურჯს დინების მხარეს სამკუთხა წყალამრიდი აქვს. ხიდს კუზიანი პროფილი აქვს, კუზის ყველაზე მაღალი წერტილი დიდი მალის სიმეტრიის ღერძზეა და არა მთლიანი ნაგებობის ცენტრალურ ღერძზე, შესაბამისად იგი ასიმეტრიული ნაგებობაა. განაპირა ბურჯებს შორის მანძილი 8,1 მეტრია, სავალი ნაწილის სიგანე – 3,8 მეტრი კამარის სისქე კლიტეში – 0,8 მეტრი. ხიდი ნაგებია მოზრდილი ზომის, ადგილობრივი, უხეშად თლილი კირქვით.[2]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ნაგარევის ხიდი დაარქივებული 2019-07-23 საიტზე Wayback Machine.
- ნაგარევი