ნაგაპატინამი (ასევე გამოითქმის როგორც ნაგაპატნამი ან ნეგაპატნამი) ― ქალაქი ინდოეთის შტატ ტამილნადუში. ნაგაპატინამის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. ქალაქი შუა საუკუნეების ჩოლას (IX-XII საუკუნეები) პერიოდში დაწინაურდა, როდესაც კომერციული და აღმოსავლური საზღვაო საბრძოლო ექპედიციების დროს პორტის ფუნქციას ასრულებდა. ნაგაპატინამი პორტუგალიელებს ეკავათ, ხოლო მოგვიანებით ნიდერლანდების დაქვემდებარებაში გადავიდა. 1690 წლიდან 1781 წლამდე ნაგაპატინამი ნიდერლანდების ოსტინდოეთის კომპანიის დედაქალაქის ფუნქციას ასრულებდა. 1784 წლის ნოემბერში ქალაქი ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიამ დაიპყრო. 1799 წლიდან 1845 წლამდე, ბრიტანეთის მადრასის მმართველობის ქვეშ, ნაგაპატინამი ტანჯორის რაიონის დედაქალაქი იყო. ინდოეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქალაქი ტანჯავურის რაიონის შემადგენლობაში დარჩა. 1991 წელს ქალაქი ახლადშექმნილი ნაგაპატინამის რაიონის ცენტრი გახდა. ქალაქი სპეციალური მუნიციპალიტეტის სტატუსით სარგებლობს. მისი ფართობი 17.92 კმ²-ია. 2011 წელს მოსახლეობა 102 905 ადამიანს შეადგენდა.

დასახლებული პუნქტი
ნაგაპატინამი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 10°46′00″ ჩ. გ. 79°50′00″ ა. გ. / 10.76667° ჩ. გ. 79.83333° ა. გ. / 10.76667; 79.83333
ფართობი 17.92 კმ²
ცენტრის სიმაღლე 0 მეტრი
მოსახლეობა 102 905 (2011)
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 4365
საფოსტო ინდექსი 611001
ნაგაპატინამი — ინდოეთი
ნაგაპატინამი

ნაგაპატინამის მოსახლეობის უმრავლესობა საზღვაო ვაჭრობით, თევზჭერით, სოფლის მეურნეობითა და ტურიზმითაა დაკავებული. მთავარი ინდუისტური სალოცავი ძეგლებია კაიროჰანასვამის ტაძარი და საუნდარარაჯაპერუმალის ტაძარი. ნაგაპატინამი ტურიზმის კერაა სიკალის, ვალენკანის, პოომპუჰარის, კოდიაკარაის, ვედარანიამისა და თარანგამბადისთვის. ქალაქს აქვს რკინიგზა და საზღვაო პორტი.

ეტიმოლოგია

რედაქტირება
 
ნიდერლანდური სამარხი ნაგაპატინამში

ქალაქის სახელწოდება ნაწარმოებია ნაგარიდან, რაც ამ ტერიტორიაზე დასახლებულ შრი-ლანკელებს აღნიშნავს და პატინამიდან, რაც ქალაქს ნიშნავს.[1][2] კულოტუნგა I-ის მმართველობის დროს ქალაქს მეფის ერთ-ერთი დედოფლის პატივსაცემად ჩოლაკულავალიპატინამსაც ეძახდნენ.[3] პტოლემე ნაგაპატინამს მოიხსენიებს როგორც ნიკამს და მას ტამილაკამის მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად მოიხსენიებს.[1] ეს მოსაზრება დღეს საეჭვოა, რადგანაც ნიკამას ან ნიკამის სახელწოდებით ცნობილი მეტროპოლისის არსებობა თანამედროვე წყაროებით არ დასტურდება.[4] პორტუგალიელები ნაგაპატინამს „კორომანდელის ქალაქად“ მოიხსენიებდნენ.[1] VII საუკუნის პოეტები, აპარი და ტირუგნანასამბანდარი, ქალაქს ნაგაიდ ან ტევარამად იხსენიებენ. ქალაქს თავდაპირველად ნაგაი ერქვა. პატინამი ჩოლას ხანაში დაერქვა, როდესაც მან მნიშვნელოვანი პორტის ფუნქცია შეიძინა.[5]

გეოგრაფია

რედაქტირება

ნაგაპატინამის კოორდინატებია: ჩ. გ. 10.77° და ა. გ. 79.83°. ქალაქს აღმოსავლეთიდან ბენგალის ყურე ესაზღვრება, სამხრეთიდან — მდინარე უპანარი, დასავლეთიდან — თირუვარურის რაიონი, ჩრდილო-დასავლეთიდან — თანჯავურის რაიონი, ხოლო ჩრდილოეთიდან — კარაიკალი და პონდიშერი.[6] ქალაქი ზღვის დონეზეა გაშენებული.[6] მუნიციპალიტეტის ფართობი 14.92 კმ²-ია.[6] ქალაქი ჩენაიდან 350 კმ-ის, კარაიკალიდან — 14 კმ-ის, კუმბანკონამიდან — 40 კმ-ის, თანჯავურიდან — 80 კმ-ის, ხოლო თირუვარურიდან 25 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.[6]

ნაგაპატინამი ვაკეზეა გაშენებული. ნიადაგი ალუვიონია ქვიშის, სილისა და თიხისგან შედგება. მთავარი წყალსატევებია: მდინარე ვეტარი და მდინარე კაუვერის შენაკადები. რეგიონის მთავარი მოსავალია ბრინჯი, არაქისი, შაქრის ლერწამი, ბამბა და სეზამი.[6] ქალაქი ციკლონების ზონაში მდებარეობს. 2004 წელს მას ცუნამი დაატყდა თავს.[7]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციით, ნაგაპატინამი ტროპიკული სავანის კლიმატურ სარტყელში მდებარეობს და ნალექიანი სეზონი აგვისტოდან დეკემბრამდე გრძელდება ჩრდილო-აღმოსავლეთ მუსონის გამო. ქალაქის საშუალო წლიური ნალექიანობის მაჩვენებელი 1 350 მმ-ია.[6]

ჰავის მონაცემები — ნაგაპატინამი (ინდოეთი)
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წლიური
რეკორდულად მაღალი °C 32.4 35.6 40.0 41.7 42.8 41.7 41.7 40.6 38.9 37.6 35.0 33.9 42.8
საშუალო მაღალი °C 29.0 30.0 31.6 33.5 36.2 36.7 36.1 35.5 34.2 32.0 29.8 29.0 32.8
საშუალო დაბალი °C 22.5 23.0 24.5 26.6 27.4 26.9 26.4 25.9 25.6 25.1 24.0 23.0 25.1
რეკორდულად დაბალი °C 16.1 15.6 16.7 20.0 20.6 20.6 21.7 20.0 20.6 20.6 16.7 16.7 15.6
წვიმის საშუალო რაოდენობა (მმ) 56.4 13.1 16.7 33.2 42.6 40.3 47.1 82.9 92.2 252.3 444.1 245.4 1 366,3
წვიმიანი დღეები საშუალოდ 2.7 0.9 0.8 1.2 2.5 2.1 3.2 4.2 5.0 9.8 13.1 8.4 53.9
საშუალო ფარდობითი ტენიანობა (%) ) 72 69 70 71 69 65 65 66 71 76 79 76 71
წყარო: India Meteorological Department[8][9]

2004 წლის ცუნამი

რედაქტირება
 
ცუნამის შედეგები ნაგაპატინამში

2004 წლის 26 დეკემბერს, ინდოეთის ოკეანეში (ეპიცენტრი სუმატრიდან დასავლეთით) მომხდარი მიწისძვრის შედეგად გამანადგურებელი ცუნამი წარმოიქმნა, რომელმაც ინდოეთის ოკეანის მოსაზღვრე სანაპიროების დიდ ნაწილს გადაუარა.[10] ტამილნადუს მასშტაბით, ცუნამმა ყველაზე დიდი ზარალი ნაგაპატინამს მიაყენა. შტატში დაღუპული 8 0009 ადამიანიდან 6 064 ადამიანი ნაგაპატინამიდან იყო.[11] მსხვერპლის დიდ ნაწილს მეთევზეები წარმოადგენდნენ, რომლებიც აკარაიპატაის მახლობლად, ზღვის სანაპიროსთან ცხოვრობდნენ.

დემოგრაფია

რედაქტირება

2011 წლის აღწერის მიხედვით, ნაგაპატინამის მოსახლეობა 102 905 ადამიანს შეადგენდა. 1 000 კაცზე 1 026 ქალი მოდის, რაც ეროვნულ დონეზე საშუალო მაჩვენებელს (929) აღემატება. 2011 წლის რელიგიური აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 71.4%-ს ინდუსები შეადგენენ, 24.79%-ს — მუსლიმები, 3.68%-ს — ქრისტიანები, 0.01%-ს — სიქჰები, 0.02%-ს — ბუდისტები, 0.01%-ს — ჯაინისტები, ხოლო 0.08%-ს — სხვა რელიგიის მიმდევრები.[12]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. 1.0 1.1 1.2 W. 2002, p. 161.
  2. Tamil Nadu Urban Infrastructure Financial Services Limited 2008, p. 5.
  3. S. R. Balasubrahmanyam. Middle Chola Temples: Rajaraja I to Kulottunga I, A.D. 985-1070. Thomson Press (India), 1975, გვ. 113–116. 
  4. Kulke, K. & Sakhuja 2009, pp. 102–104.
  5. Kulke, K. & Sakhuja 2009, pp. 104–107.
  6. 6.0 6.1 6.2 6.3 6.4 6.5 About the town 2011.
  7. Tamil Nadu Urban Infrastructure Financial Services Limited 2008, p. 6.
  8. Climatology of Nagapattinam 2015.
  9. Extremes of Temperature and Rainfall 2016.
  10. Karan & P. 2011, p. 70.
  11. Karan & P. 2011, p. 77.
  12. Religious census 2015.