მცხეთის სამების ეკლესია
მცხეთის სამების ეკლესია — ეკლესია დგას მცხეთის დასავლეთით, მარტაზის ანუ სანგრის ხევის ნაპირზე. სტილისტური ნიშნებით და წარწერის ფრაგმენტით თარიღდება XI საუკუნის პირველი მესამედით.
ეკლესია დარბაზულია (10,6 X 6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. კონსტრუქციულ ადგილებში თლილი ქვაა გამოყენებული. ეკლესიას თავდაპირველი სახე შეცვლილი აქვს.
შესასვლელი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთის ღრმა აფსიდში ერთი სარკმელია, მის ორივე მახარეს - თითო სწორკუთხა ღრმა ნიში (სამალავები?). ორივე ნიშს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს. აფსიდის ნახევარწრიული კონქის საბჯენი თაღი კაპიტელებს ეყრდნობა. დარბაზის სამხრეთ კედელში ორი სარკმელია, დასავლეთისაში - ერთი. კამარის საბჯენი თაღი მარტივი პროფილის კრონშტეინებზე ყოფილა დაყრდნობილი.
სამხრეთის თაღოვანი კარის თავზე წარწერაა; იკითხება მხოლოდ კათალიკოზსა და დეკსა (სავარაუდოდ მელქისედეკსა); აღმოსავლეთის ფასადის წარწერები არ იკითხება.
ეკლესიას დასავლეთით მიშენებული აქვს გეგმით ოთხკუთხა კოშკი (გარე ზომები 5 X 4,99 მ). შესასვლელი პირველ სართულზეა, ჩრდილოეთით ყოველ სართულზე თითო ან ორი სარკმელი და ცალმაგი სათოფურებია.
ლიტერატურა
რედაქტირება- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5, თბ., 1990. — გვ. 253.