მყინვარული რელიქტები
მყინვარული რელიქტები — მცენარეები და ცხოველები, რომლებიც ამა თუ იმ ტერიტორიაზე შემორჩენილი არიან გამყინვარების პერიოდიდან. მყინვარული რელიქტებს ვხვდებით მაგ., შუა ევროპის ვაკე და მთების წინა რაიონების ფლორაში. ესენია უმთავრესად ე. წ. არქტიკულ-ალპური მცენარეები. ისინი ნაშთია იმ ფლორისა, რომელიც გვიან პლეისტოცენში არსებობდა სკანდინავიის მყინვარულ ფარსა და ალპებიდან და ცენტრალურ ევროპის სხვა მთებიდან დაშვებულ მყინვარებს შორის. ზოგიერთი არქტიკულ-ალპური მცენარე — ქონდარა არყი, ალპური დათვის კენკრა, დრიადის 2 სახეობა (ლათ. Dryas octopetala და ლათ. Dryas punctata) და სხვა. ევროპის ზოგიერთ რაიონში გამყინვარების პერიოდიდან შემორჩნენ ცხოველებიც, მაგ., ირმის ბორა, ნემსიყლაპიას რამდენიმე სახეობა, ჩვეულებრივი გველგესლა, ცოცხლადმშობი ხვლიკი.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჩიკვაიძე ჯ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 240.