მყინვარული კომპლექსი

მყინვარული კომპლექსი, გლაციალური კომპლექსი — ერთიანი მყინვარული წარმონაქმნი, რომელიც შედგება სხვადასხვა მორფოლოგიური ტიპის მყინვარისაგან მასში მიმდინარე უწყვეტად დაკავშირებული ბუნებრივი პროცესების წარმოშობით.[1]

გამოიყოფა სხვადასხვა ტიპის მყინვარული კომპლექსი. კონტინენტური მყინვარული კომპლექსი წარმოდგენილია ყინულოვანი ფარით, მსხვილი ყინულქუდით, გამყვანი და შელფური მყინვარებით. კუნძულოვანი მყინვარული კომპლექსი შეიცავს გუმბათებსა და გამყვან მყინვარებს. მთა-საფარული მყინვარული კომპლექსი ძირითადად შედგება მთათაშორისი მყინვარული პლატოებისა და ხეობის მყინვარებისაგან. მთიანი ქედებისა და კონუსური მწვერვალების მყინვარული კომპლექსი იკავებს მთების ზედა ნაწილს, შეიცავს დაკიდულ და ხეობის ტიპის ყველა მყინვარს, გამყინვარების ხარისხი აქ 70–80 %-ს აღწევს. პლატოების, კალთებისა და მთისწინეთის მყინვარული კომპლექსი წინამავალთან შედარებით წარმოიქმნება შედარებით მშვიდ რელიეფზე, გვხვდება მთის გამყინვარების თითქმის ყველა მორფოლოგიური ტიპი.[2]

გეომორფოლოგიაში მყინვარული კომპლექსი ხეობის მყინვარის ბოლო ნაწილში, ან კონტინენტური მყინვარის ცალკეული განშტოებების სიახლოვეს კანონზომიერად განლაგებული მყინვარული რელიეფის ფორმებისა და ნალექების ერთობლიობაა. მყინვარულ კომპლექსში განასხვავებენ: ბოლოკიდურ (ენის) აუზს, რომელიც წარმოდგენილია ბორცვიან-მორენული ვაკით ან დახშული ქვაბულით, რომელიც ხშირად წყლითაა ამოვსებული; ბოლო მორენის ნახევარრგოლს; გარდამავალ კონუსს; ფლუვიოგლაციალურ ზანდრულ ვაკეებსა და კენჭნარ ტერასებს.[2]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. Гляциологический словарь / Под ред. В. М. Котлякова. — Л.: Гидрометеоиздат, 1984. — 527 с.
  2. 2.0 2.1 Ледниковый комплекс | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-09-23. ციტირების თარიღი: 2020-12-31.