კოსმონავტი

(გადამისამართდა გვერდიდან მფრინავი კოსმონავტი)

კოსმონავტი (ბერძ. κόσμος [kósmos] — „წესრიგი“, „მსოფლიო“, „სამყარო“ და ναύτης [naútēs] — „ზღვაოსანი“; გამოიყენება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში), იგივე ასტრონავტი (ბერძ. άστρον [astron] — „მნათობი“ და ναύτης; გამოიყენება აშშ-სა და დასავლეთის ქვეყნებში) — ადამიანი, რომელიც ცდის კოსმოსურ ტექნიკას და ექსპლუატაციას უწევს მას კოსმოსში ფრენისას. ეს პროფესია წარმოიშვა კოსმოსში ადამიანის შეღწევის შედეგად (1961). კოსმონავტების პირველ კანდიდატებს არჩევდნენ სამხედრო მფრინავებში (სსრკ) და გამომცდელ მფრინავებში (აშშ), ვინაიდან აუცილებელი თვისებები (ფრენის მაღალი ოსტატობა, გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი, ხმაურის, ვიბრაციის, აჩქარების კარგად გადატანა, დაკვირვებათა წარმოების გამოცდილება და ა. შ.) სწორედ ამ პროფესიების პირებისთვისაა დამახასიათებელი. მოგვიანებით როგორც სსრკ-ში, ასევე აშშ-ში, კოსმოსური ხომალდების ეკიპაჟებში შეიყვანეს აუცილებელი სპეციალური მომზადების მქონე ინჟინრები, ექიმები და მეცნიერები. სსრკ-ში კოსმონავტების მომზადება დაიწყო 1960 წლიდან, აშშ-ში „მერკურის“ ტიპის კოსმოსური ხომალდებისათვის — 1959 წლიდან, „ჯემინი“ და ,აპოლონი“-სთვის — 1962 წლიდან.

იური გაგარინი, პირველი მფრინავი კოსმონავტი (1961) (სსრკ)
ასტრონავტი ღია კოსმოსში

კოსმონავტები კოსმოსში მოგზაურობისას ზოგჯერ გადმოდიან ხომალდიდან, გადადიან გამოსაკვლევად ციურ სხეულზე, აგროვებენ მასალებს სამეცნიერო გამოკვლევებისათვის. მათ აცვიათ სკაფანდრები — სპეციალური დამცავი ტანსაცმელი, რადიაციისა და უჰაერობისგან თავდასაცავად. სკაფანდრს შიგნით წნევა, ტემპერატურა და ჰაერის მიწოდება მოწესრიგებულია. ზურგზე აკიდებული რეზერვუარებით კოსმონავტს ჰაერის მარაგი მიაქვს, „ქუდზე“ კი დამაგრებული აქვს ფილტრი, რომელიც მას მზის დამაბრმავებელი ნათებისგან იცავს.

მფრინავი კოსმონავტი

რედაქტირება

სსრკ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა 1961 წლის 14 აპრილის ბრძანებულებით ხომალდ-თანამგზავრ „ვოსტოკით“ მსოფლიოში ადამიანის პირველი კოსმოსური ფრენის აღსანიშნავად დააწესა სპეციალური წოდება — მფრინავი კოსმონავტი. პირველად მფრინავი კოსმონავტის წოდება მიენიჭა ი. გაგარინს.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება