მუხრანის ბრძოლა 1582 — ბრძოლა ქართლისა და ოსმალეთის ლაშქარს შორის. ქართლის მეფე სიმონ I სპარსელთა მხარდაჭერით იბრძოდა აღმოსავლეთ საქართველოდან ოსმალთა მთლიანად განდევნისათვის. ქართლისა და კახეთის სამეფოების ლაშქარმა ალყა შემოარტყა თბილისს. ოსმალეთის სულთანმა არზრუმისა, დიარბექირისა და ჩილდირის ბეგლარბეგებს დაავალა აღმოეჩინათ დახმარება თბილისის გარნიზონისათვის. აგვისტოს ბოლოს ოსმალთა 20 ათასიანი არმია ახალქალაქში ჩავიდა. აქ ოსმალებს ჩილდირის ბეგლარბეგი მანუჩარ II (იგივე მუსტაფა) შეუერთდა. ოსმალთა ლაშქარი მანუჩარ II-ის რჩევით ბორჯომის ხეობაზე გავლით მუხრანის ველზე დაბანაკდა. ამ დროს იმერეთის, ოდიშისა და გურიის ლაშქარმა ოსმალთა ბრძანებით ქართლის სამეფო დაარბია. სიმონ I თავს დაესხა მუხრანთან დაბანაკებულ მტერს და სასტიკად დაამარცხა იგი. გადარჩენილმა ოსმალებმა ძლივს მიაღწიეს თბილისამდე. ქართველთა ლაშქარს დიდძალი ნადავლი და თბილისისათვის გათვალისწინებული ხაზინა ჩაუვარდა ხელთ. სამცხეში დაბრუნებულმა ოსმალებმა მარცხი მანუჩარს დააბრალეს და მისი შეპყრობა დააპირეს, მაგრამ მანუჩარმა და მისმა მხლებლებმა ბრძოლით გააღწიეს ოსმალთა ბანაკიდან. სამცხის ათაბაგი ისევ გაქრისტიანდა და სამცხეში ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუდგა სათავეში.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
  • სვანიძე მ., საქართველოს-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII სს., თბ., 1971;
  • ნარსია გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 231.
  • ისტორია - სრული კურსი აბიტურიენტთათვის, ნუგზარ მოლაშვილი, გვ. 108, თბ.: „ცის ნამი“, 2010, ISBN 978-9941-419-01-0.