მუხლი (ბოტანიკა)
მუხლი (ლათ. nodus) — ღეროს მეტ-ნაკლებად გასქელებული მონაკვეთი, რომელზეც ვითარდება კვირტი, ფოთოლი, ხან დამატებით ფესვებიც კი. მუხლში გადის მასზე მჯდომი ყველა კონა, რომელთა ერთიანობა, იღლიური კვირტების — ყლორტების კონებთან ერთად, ქმნის ღეროს გამტარ სისტემას. მუხლის სხვადასხვაგვარი ანატომიური აგებულება დამოკიდებულია ფოთოლთწყობის ტიპზე; ფოთლის კონების (ძარღვების) რაოდენობასა და მუხლში მათი შესვლის ხასიათზე. იგი მცენარეთა სხვადასხვა სახეობის სისტემატიკური ნიშანიცაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 230.