მუსტაფა შელია
ლევან (მუსტაფა) ალექსანდრეს ძე შელია (დ. 11 აგვისტო, 1921 — გ. ნოემბერი, 1943, თბილისი) — ქართველი ანტისაბჭოთა პოლიტიკური აქტივისტი.
1937-1940 წლებში გადასახლებული იყო ანტისაბჭოთა ახალგაზრდული დაჯგუფების წევრობის ბრალდებით. ვადაზე ადრე გაათავისუფლეს, საქართველოში დაბრუნდა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩააბარა. II მსოფლიო ომის დროს, გერმანიის ჯარების წინსვლის პერიოდში, 1941 წელს მუსტაფა შელიამ და მისმა თანამოაზრეებმა — ბიძამისმა (დედის ძმამ) ლევან აბდუშელიშვილმა და შალვა სვანიძემ ჩამოაყალიბეს საიდუმლო ორგანიზაცია (უცხოეთში მოქმედი ნაციონალისტური ორგანიზაცია „თეთრი გიორგის“ ანალოგიით), რომლის მიზანიც ომში საბჭოთა კავშირის დამარცხების შემთხვევაში საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის აღდგენისთვის საფუძვლების შექმნა იყო. ორგანიზაციის იატაკქვეშა საქმიანობაში ჩართული იყვნენ ასევე სტუდენტები ჭაბუა ამირეჯიბი და ამირან მორჩილაძე, ლატვიელი მხატვარი რომან სუტა და სხვები (სულ 20 ადამიანამდე).
შელიას უშუალო ხელმძღვანელობით და რომან სუტას დახმარებით დაჯგუფება თავისი საქმიანობის მატერიალური უზრუნველყოფის მიზნით ბეჭდავდა პურის ყალბ ტალონებს. გამოძიების მასალების მიხედვით, ორგანიზაცია გეგმავდა ანტისაბჭოთა მებრძოლების (მათ შორის, წითელარმიელი დეზერტირების) რეკრუტირებას, დუშეთის რაიონის ტყეებში საიდუმლო საწვრთნელი ბაზის მოწყობას, გერმანიის სარდლობასთან კავშირის დასამყარებლად რადიოგადამცემი სადგურის გამართვას და საქართველოს სამხედრო გზაზე წითელი არმიის მომარაგების შეფერხებას დივერსიების გზით. ამ პერიოდში შელია კონსპირაციულად ცხოვრობდა თბილისში. 1943 წლის 3 ნოემბრის ღამეს საქართველოს სსრ შინაგან საქმეთა კომისარიატის წარმომადგენლებმა მიაგნეს შელიას ადგილსამყოფელს. შელიამ მათ შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია და ურთიერთსროლისას სასიკვდილოდ დაიჭრა. ორგანიზაციის დანარჩენი წევრები მალევე დააპატიმრეს. 1944 წელს აბდუშელიშვილი, სვანიძე და სუტა დახვრიტეს, სხვები სხვადასხვა დროით გადაასახლეს ან დააპატიმრეს. მუსტაფა შელია ჭაბუა ამირეჯიბის რომანის „გორა მბორგალის“ (1996) ერთ-ერთი პერსონაჟის, ქემალ თურქიას პროტოტიპია.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯავახიშვილი ნ. „ლატვიელი მხატვარი რომან სუტა საქართველოში“, „ახალი და უახლესი ისტორიის საკითხები“ N2 გვ. 124-134 —თბილისი, „უნივერსალი“, 2016, ISSN 1512-3154.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მუსტაფა შელია — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- * ლ. აბდუშელიშვილის, შ. სვანიძის, ჭ. ამირეჯიბის და სხვათა განაჩენის ტექსტი, 1944. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.