მურყვამობა
მურყვამობა (სვან. ლიმურყუამალ-კოშკობა) — ღვთაება კვირიასადმი მიძღვნილი ადრესაგაზაფხულო დღესასწაულთა ციკლში შემავალი ერთ-ერთი საწესო ქმედება. სრულდებოდა დიდმარხვის პირველ დღეს, ე. წ. შავ ორშაბათს, ქვემო სვანეთში. სოფლების ჟახუნდრისა და სასაშის მოსახლეობა მზის ამოსვლის წინ კვირიას საგალობლის შესრულების შემდეგ მიადგებოდა წინასწარ აგებულ თოვლის კოშკს და ცდილობდა თავის მხარეს გადაძლევას და წაქცევას, რადგან ხალხის რწმენით, საითაც კოშკი წაიქცეოდა, იმ მხარეს მთელი წლის მანძილზე საჭირო ატმოსფერული ნალექი მოვიდოდა და უცვი მოსავალი იქნებოდა. ასევე სწამდათ, რომ ვინც თოვლის კოშკს საფუძველს ჩაუყრიდა ან თავზე ჯვარს დაადგამდა, უსათუოდ ვაჟი შეეძინებოდა. თუ თოვლი არ იყო, მაშინ თოვლის კოშკს ნაძვის ხით ცვლიდნენ. ზემო სვანეთში მურყვამობა იმართებოდა ყველიერის აღებისას (სვან. „აღბალაღრალ“ — აღების თამაშობები).
მსგავსი დღესასწაულები ბარშიც ყოფილა გავრცელებული (ნაციხურიბა —რაჭაში, ჭვენიერობა — სამეგრელოში). სვანური მურყვამობა უნდა უკავშირდებოდეს მთელ საქართველოში გავრცელებულ წარმოდგენებს ნაყოფიერების საკულტო ხის შესახებ და კოსმოგონიურ სიმბოლოს — ცხოვრების ხეს. მასში შესულია ყველიერის ადრესაგაზაფხულო კარნავალური სანახაობის ელემენტები, რომლებიც ბუნების ხელახალი აღორძინების შესაგებებლად იმართებოდა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ონიანი ჯ., სვანური მურყვამობა-კვირიაობა, «მაცნე», 1969, № 3;
- ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. 1, თბ., 1979;
- Бардавелидзе В. В., Древнейшие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен, Тб., 1957;
- სურგულაძე ირ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 202.