მუნის საყდარი
მუნის საყდარი — საყდარი ახმეტის მუნიციპალიტეტში, დგას ახმეტა-ალვანის გზის მარცხენა მხარეს, მაღლობზე, გზიდან 100 მეტრზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.
ძეგლის გეგმის სწორკუთხედში (7,3 X 6,5 მ) დარბაზული ეკლესია და სამხრეთის მინაშენია ჩაწერილი. ნაგებია ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა, კონქი და კედლების ზედა ნაწილები; თითქმის მთლიანადაა დანგრეული მინაშენი; ფასადებზე ჩამოცვენილია საპირე ქვების დიდი ნაწილი. ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან, მინაშენიდანაა. კარი მინაშენის მხრიდან მოზრდილი ქვით ყოფილა გადახურული - თარაზულად, შიგნით კი თაღოვანია. თაღის მალი კარის ღიობზე ოდნავ განიერია, რის გამოც ქუსლის დონეზე მცირე საფეხურებს ქმნის. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდაა, რომლის ღერძზეც ბრტყლად გადახურული სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. სამხრეთ კედელში შემორჩენილია ერთ დონეზე განლაგებული ორი სარკმლის ქვედა ნაწილი. მინაშენში შესასვლელი სამხრეთიდანაა (შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთ წირთხლი). აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია. მინაშენი გადახურული ყოფილა ერთიანი კამარით, რომლის ქუსლის ნაშთი ეკლესიის სამხრეთ კედელზე შემორჩა.
ლიტერატურა
რედაქტირება- დვალი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 170.