მუზარადოსანი[1] (ლათ. Gymnocanthus) — თევზების გვარი ქვაქვეშიასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 40 სმ-მდეა, მასა 0,8 კგ-მდე. სხეული წინა ნაწილში გაფართოებულია; კუდის ნაწილი მოკლეა. შეფერილი არიან კაშკაშა ფერებში. კანი შიშველია, მხოლოდ თავის ზედა ნაწილია დაფარული ძვლოვანი ფირფიტებით (აქედან სახელწოდება). სალაყუჩე სარქვლებზე განლაგებულია რქების მსგავსი ეკლები. მკერდის ფარფლები დიდია. ბინადრობენ წყნარი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში, აზიის ნაპირების გასწვრივ, ერთი სახეობა ცირკუმპოლარულია — არქტიკული მუზარადოსანი (G. tricuspis). ფსკერის ნაკლებად მოძრავი თევზებია, ჩვეულებრივ 200–300 მ-მდე სიღრმეზე გვხვდება, ზოგჯერ 500 მ-მდე და მეტზეც. ჰერცენშტაინის მუზარადოსანი (G. herzensteini) და ზოგიერთი სხვა სახეობა ადგილობრივი რეწვის ობიექტია.[2]