მოჰსენ მაკმალბაფი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

მოჰსენ მაკმალბაფი (სპარს. محسن مخملباف; დ. 29 მაისი, 1957) — ირანელი კინორეჟისორი, მწერალი, სცენარისტი, მემონტაჟე და პროდიუსერი. კინოკარიერის მანძილზე მან გადაიღო 20-ზე მეტი მხატვრული ფილმი, მოიპოვა 50-ზე მეტი ჯილდო და 15-ზე მეტი კინოფესტივალის ჟიური იყო. მისი ყველაზე წარმატებული ნამუშევრებია „ყანდაარი“, „მებაღე“ და „პრეზიდენტი“. რეჟისორის შემოქმედება ირანის სახელმწიფოსა და ირანელი ხალხის ისტორიულ პროგრესს ასახავს.

მოჰსენ მაკმალბაფი
დაბადების თარიღი 29 მაისი, 1957 (1957-05-29) (67 წლის)
თეირანი, ირანი
ეროვნება ირანელი
აქტიური 1981-დღემდე
მეუღლე(ები) ფატიმა მეშკინი (იქ. 1978–82)
მარზი მეშკინი (იქ. 1987)

მაჰმალბაფი ირანულ კინოში ახალი ტალღის მიმდინარეობის წარმომადგენელია. 2001 წელს მისი ფილმი „ყანდაარი“ ჟურნალი ტაიმის ყველა დროის 100 საუკეთესო ფილმის სიაში მოხვდა. 2006 წელს რეჟისორი ვენეციის კინოფესტივალის ჟიური იყო.

2005 წელს მაკმალბაფმა ირანი დატოვა.[1] 2009 წლის ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ რეჟისორი პარიზში ცხოვრობს.[2]

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
მაკმალბაფის ბავშვობის ფოტო

მოჰსენ მაკმალბაფი 1957 წლის 29 მაისს თეირანში დაიბადა. 15 წლის ასაკში იგი მოჰამედ რეზა ფეჰლევის პოლიტიკური რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა. 1974 წელს მას პოლიციელის დაჭრის გამო სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. მაკმალბაფი ხუთი წლის შემდეგ, ირანის ისლამური რევოლუციის განხორციელების შემდეგ გაათავისუფლეს.[3][4]

1980-იანი წლების დასაწყისში მაკმალბაფმა რომანების, ზღაპრების და პიესების წერა დაიწყო. იმავე პერიოდში დააარსა „ისალამური აზროვნებისა და ხელოვნების გამავრცელებელი ცენტრი“.[5] სარეჟისორო საქმიანობა მან ყოველგვარი კინოგანათლების მიღების გარეშე, კულტურის ფართო საზოგადოებაში გავრცელების მიზნით დაიწყო.[5] 2005 წელს, მაჰმუდ აჰმედინეჟადის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, მაკმალბაფმა ირანი დატოვა.[1]

მაკმალბაფი ირანული კინოს წამყვან ფიგურად მიიჩნევა. მისი ფილმები ინდივიდსა და სოციო-პოლიტიკურ გარემოს შორის არსებულ ურთიერთობას იკვლევენ და ირანის სახელმწიფოსა და ირანელი ხალხის ისტორიულ პროგრესს ასახავენ. მაკმალბაფს სხვადასხვა ჟანრებში უმუშავია. მის შემოქმედებაში გვხვდება როგორც რეალიზმი, ისე ფენტეზი და სიურეალიზმი, როგორც მინიმალიზი, ისე ყოველდღიური ცხოვრების დაწვრილებითი აღწერა.[5]

1981 წელს მაკმალბაფმა დაწერა სცენარი ფილმისთვის „Towjeeh“, რომელიც მანუჩერ ჰაგინიპარასტმა გადაიღო, ხოლო 1982 წელს მისი სცენარისტობით მოჰამედ რეზა-ჰონარმადის ფილმი „Marg Deegari“ გამოვიდა. 1983 წელს მაკმალბაფმა პირველი ფილმი „Tobeh Nosuh“ გადაიღო. 1985 წელს მისი მომდევნო ფილმი სახელწოდებით „ბოიკოტი“ გამოვიდა, რომელშიც მოქმედება რევოლუციამდელ ირანში ხდება. ფილმი ახალგზარდა კაცის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც კომუნისტური შეხედულებების გამო დააპატიმრებენ. ფართოდ მიიჩნევა, რომ „ბოიკოტი“ რეჟისორის პირად გამოცდილებაზეა დაფუძნებული.

მაკმალბაფის შემოქმედებაში განსაკუთრებული ადგილი უკავია 1987 წლის ფილმს „ველოსიპედისტი“, რომელიც ირანში მცხოვრები ავღანელი ლტოლვილის შესახებ მოგვითხრობს. ფილმში სასოწარკვეთილი ადამიანის გამძლეობაა ასახული.[6]

1989 წელს ირანელმა რეჟისორმა აბას კიაროსტამმა გაზეთში წაიკითხა, რომ თეირანელმა მამაკაცმა, ჰოსეინ საბზიანმა, ერთ-ერთი ოჯახში თავი მაკმალბაფად გაასაღა. ამ შემთხვევის შესახებ კიაროსტამმა 1990 წელს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „მიახლოება“ გადაიღო, რომლის უკანასკნელ სცენაშიც თავად მაკმალბაფი გამოჩნდება. დღესდღეობით, „მიახლოება“ მსოფლიო კინოშედევრად ითვლება. 2012 წლის ჟურნალ Sight & Sound-ის გამოკითხვაში „მიახლოება“ ყველა დროის 50 საუკეთესო ფილმს შორის დასახელდა.[7]

1991 წელს მაკმალბაფმა მეცხრე მხატვრული ფილმი „სიყვარულის დრო“ გადაიღო. ფილმი რომანტიკული ტრილოგიაა, რომელიც ერთი ისტორიის სამ სხვადასხვა ვერსიას გვთავაზობს.

1996 წელს მაკმალბაფმა დროებით შეწყვიტა სარეჟისორო საქმიანობა, რათა ახალგაზრდა რეჟისორთათვის კინოსკოლა დაეარსებინა, რომელიც მალევე კერძო კინოწარმოების კომპანიად გადაიქცა. 1997 წელს მისმა ქალიშვილმა სამინამ პირველი ფილმი სახელწოდებით „ვაშლი“ გადაიღო, რომლიც სცენარისტი და მონტაჟიორი მაკმალბაფი იყო. მას ასისტენტობას ცოლი, მარზიე მეშკინი უწევდა, რომელმაც მალევე თავადაც სარეჟისორო საქმიანობა დაიწყო.[8]

2001 წელს მაკმალბაფმა „ყანდაარი“ გადაიღო, რომელშიც მოქმედება თალიბანის მმართველობის პერიოდის ავღანეთში ხდება.[9] ფილმი 11 სექტემბრის ტერაქტამდე ავღანეთში რეალურად განვითარებული მოვლენებითაა შთაგონებული. „ყანდაარის“ პრემიერა 2001 წლის კანის კინოფესტივალზე შედგა.

2011 წელს მაკმალბაფს შოტლანდიის წმინდა ანდრიას უნივერსიტეტისგან ლიტერატურაში საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Rima Maktabi. Exiled Iranian film director's flight to freedom - CNN.com.
  2. Black, Ian; editor, Middle East. Iran should face smarter sanctions, says Mohsen Makhmalbaf (November 25, 2009).
  3. Movies.
  4. Dehghan, Saeed Kamali. (August 10, 2015) The President's Mohsen Makhmalbaf: 'There's a little Shah in all of us'.
  5. 5.0 5.1 5.2 La Biennale di Venezia - Page not found. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 29, 2006.
  6. Mohsen Makhmalbaf. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-30. ციტირების თარიღი: 2020-11-18.
  7. The Top 50 Greatest Films of All Time. Sight & Sound. British Film Institute (1 August 2012). ციტირების თარიღი: 10 August 2012.
  8. Bordwell, David, and Kristin Thompson , ed. Film History. 3rd. New York: McGraw-Hill, 2010. 610. Print.
  9. Axmaker, Sean (October 1, 2002). „Haunting 'Kandahar' a stark, surreal odyssey“. Seattle Post-Intelligencer.