მოხისის ბრძოლა (1785)
მოხისის ბრძოლა — რუს-ქართველთა გაერთიანებული ლაშქრის ბრძოლა თურქებისა და ლეკების რაზმების წინააღმდეგ.
ახალციხის ფაშა სულეიმანი მტრულად იყო განწყობილი ერეკლე მეორესადმი და ადანაშაულებდა მას, რომ იგი იჭრებოდა თურქულ სამფლობელოებში, გაჰყავდა მოსახლეობა ქართლში და ამ გზით რამდენი ასეული გლეხი თავის სამეფოში გადაასახლა. ამის გამო სულეიმან-ფაშა ახალციხეში თავშესაფარს აძლევდა ლეკებს და პერიოდულად მოუწოდებდა მათ ქართლ-კახეთზე გასალაშქრად. 1785 წლის აპრილში ოთხი ათასამდე ლეკი და თურქი მეომარი ბორჯომის ხეობიდან ქართლ-კახეთის სამეფოში შეიჭრა. მათ გზად ააოხრეს სამი ქართული სოფელი და 600 ადამიანი ტყვედ აიყვანეს. ერეკლე მეორემ დახმარებისთვის მიმართა სურამში მყოფ მაიორ სენებერგს, რომელიც 200 ეგერთან და ბელარუსიის პოლკის ნაწილთან საბრძოლველად გაემგზავრა. ყველაზე დიდი შეტაკება მოწინააღმდეგებს შორის მოხდა 16 აპრილს სოფელ მოხისთან, სურამიდან შვიდი ვერსის დაშორებით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ბრძოლა რუს-ქართველთა შენაერთების გამარჯვებით დამთავრდა. 1300 ლეკი ბრძოლის ველზე დაიღუპა, ასობით გვამი მტკვარმა თბილისში ჩაიტანა. 200 თურქი ტყვედ ჩავარდა. შემდეგ თვეს ლეკებმა კვლავ მოაწყვეს მარბიელი ლაშქრობა ქართლში, თუმცა 28 მაისს რუს-ქართველთა ჯარმა კვლავ დაამარცხა მტერი.