მოქვის ბრძოლა 1918 — ბრძოლა ოსმალეთის იმპერიისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ჯარებს შორის. გაიმართა 1918 წლის 16 აგვისტოს მოქვის ტაძართან.

1918 წლის აგვისტოს პირველ რიცხვებში აფხაზეთში ვითარება უკიდურესად გამწვავდა. ეს გამოწვეული იყო ე.წ. „მუჰაჯირთა“ ახალი რაზმის გადმოსხმით, რომელმაც სოფ. ჯგერდის მიმართულებით, პროთურქული ორენტაციის ერთ-ერთი ლიდერის თავად ტატაშ მარშანიას მამულისკენ გაემართა. სულ უფრო ცხადი ხდებოდა რომ „აფხაზთა სახალხო საბჭოს“ დეპუტთა პროოსმალური ნაწილი აშკარად დაადგა სახელმწიფოს ღალატს და შეიარაღებულ პუტჩს მიემხრო. ასეთ სიტუაციაში საბჭოს დემოკრატიული ფრთა ვარლამ შარვაშიძის, აგრეთვე ვლადიმერ ემუხვარის მეთაურობით გამოვიდა „აფხაზთა სახალხო საბჭოს“ რეორგანიზაციის ინიციატივით. ის პიროვნებები, რომლებიც ხელს უწყობდნენ თურქების მიერ აფხაზეთის ოკუპაციას დადანაშაულებულ იქნენ სახელმწიფოს ღალატში და უნდა გადასახლებულიყვნენ აფხაზეთიდან. თურქთა რიცხვი ათასს აღწევდა. ექსპედიციის მთელი ხნის განმავლობაში, რეგურალური ჯარის ქვედანაყოფებმა პოლკოვნიკ თუხარელის მეთაურობით, ვერაფრით მოახერხეს შეხებაში მოსულიყვნენ მოწინააღმდეგესთან, მხოლოდ სახალხო გვარდიის მცირე რაზმმა, სულ 60 კაცი, ლევ ტუმარკინის მეთაურობით მოქვის ტაძართან გაუმართა ბრძოლა რიცხობრივად მრავალჯერ აღმატებულ მტერს და მოიგერია იგი. „დროება“ ბრძოლის შესახებ წერდა:

 
„16 აგვისტოს ჩვენს რაზმს, რომელიც დაბანაკებული იყო მოქვის მონასტერში, თავს დაესხა ოსმალ-აფხაზთა რაზმი რიცხვით ათას კაცამდე. პირველი მათი შემოტევა მოიგერიეს ჩვენებმა. მათ იმავე ღამეს გაიმეორეს შემოტევა და განიზრახეს მონასტრის უმთავრესი კარების აღება. შენიშნეს თუ არა ჩვენმა ყარაულებმა ასკერების მოახლოება, ასტეხეს სროლა, ნელ-ნელა დაიხიეს უკან და შეუერთდნენ მთავარ ძალებს. ასკერები შეიჭრნენ მონასტრის ეზოში და აქ გაიმართა ხელჩართული ბრძოლა. მტერი უმთავრესად ხელის სასროლ ყუმბარებს ესროდა ჩვენებს. ეს უკანასკნელნი ტყვიისმფრქვევლებით პასუხობდნენ. როდესაც გვარდიელებს ტყვია შემოაკლდათ, იერიში მიიტანეს ასკერებზედ, რაიც მოგერიებულ იქნა მტრის მერ. მეორედ მიტანილ იერიშს ასკერებმა ვეღარ გაუძლეს და უკან დაიხიეს. ჩვენები მათ დაედევნენ და მთლად გაფანტეს იგინი. ჩვენის მხრიდან მოკლულნი არიან რამდენიმე: პორუჩიკი არპონ შერვაშიძე, პრაპორშიკი ალ. ბერულავა, გვარდიელნი: ჩოჩელი, ბერიძე, მასხულია, კეჩედჟი, ალიბეგაშვილი, ღლონტი, გოგნაძე. დაჭრილნი არიან შტაბს-კაპიტანი ილ. ჯუღელი, ლევ ტუმარკინი და სხვანი. მტერს დიდი ზიანი მიაყენეს ჩვენებმა მარტო მოკლული მათი მხრიდან 55 კაცია. რაზმის უფროსის სიტყვებით ჩვენებმა დიდი გმირობა გამოიჩინეს. თავი ისახელა შტაბს-კაპიტანმა ილ. ჯუღელმა, რომელსაც დაჭრის შემდეგაც არ მიუტოვებია ბრძოლის ასპარეზი და თავის გმირობით ამხნევებდა რაზმელებს არც სხვებმა შეირცხვინეს თავი, ყველა თავგანწირვით იბრძოდა, და ეს იყო მიზეზი რომ მტერი ასე მალე უკუიქცა.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. პაპასქირი, ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ნაკვეთი მეორე1917–1993, თბ., 2007, გვ. 22-23
  • არჩილ ჩაჩხიანი, რუსეთ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობები და საბრძოლო მოქმედებები აფხაზეთის რეგიონსა და შავიზღვისპირეთში(1918-1920 წლები). თბ., 2014, გვ.138