რუსეთის ისტორიული მუზეუმი
რუსეთის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმი (რუს. Государственный Исторический музей) — ისტორიული მუზეუმი რუსეთის ფედერაციაში. მდებარეობს მოსკოვში, წითელ მოედანზე. მუზეუმში გამოფენილ ექსპონატთა ფართო სპექტრი მოიცავს დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები პრეისტორიული ტომების საყოფაცხოვრებო იარაღებსა და რომანოვთა დინასტიის მიერ შეძენილ ფასდაუდებელ ხელოვნების ნიმუშებსა და განძეულობას. ექსპონატთა საერთო რაოდენობა რამდენიმე მილიონს აჭარბებს.
რუსეთის ისტორიული მუზეუმი | |
---|---|
რუს. Государственный исторический музей | |
55°45′18″ ჩ. გ. 37°37′05″ ა. გ. / 55.75500° ჩ. გ. 37.61806° ა. გ. | |
დაარსდა | 1872 წ. |
ქვეყანა | რუსეთი |
მდებარეობა | Tverskoy District |
ოფიციალური საიტი | https://shm.ru/ |
ადგილზე, რომელიც ამჟამად მუზეუმს უჭირავს, ადრე მდებარეობდა ე.წ. "მთავარი სამედიცინო მაღაზია", რომელიც პეტრე დიდის ბრძანებით აიგო მოსკოვის ბაროკოს სტილში. რამდენიმე ოთახი ამ შენობაში ეთმობოდა ანტიკვარიატის სამეფო კოლექციებს. სხვა ოთახებში განლაგებული იყო პირველი რუსეთის უნივერსიტეტი, რომელიც მიხეილ ლომონოსოვმა დააფუძნა 1755 წელს.
თანამედროვე შენობის პროექტი ეკუთვნის ვლადიმირ ოსიფპოვიჩ შერვუდს (1833-97), აგებულია 1875-81 წლებში, ოფიციალურად გახსნა მეფე ალექსანდრე III-მ 1894 წელს. 1986 და 1997 წლებში ჩაუტარდა მნიშვნელოვანი რესტავრაცია. ისტორიული მუზეუმის ნაწილი განთავსებულია მეზობლად მდგომი მოსკოვის მერიის შენობაში.
მუზეუმის მნიშვნელოვან ექსპონატთა შორისაა ვოლგის სანაპიროსთან გათხრებით ნაპოვნი კარაველა, სკვითების ოქროს სამკაულები, ნოვგოროდის ხის ტაბლეტები, მე-6 საუკუნით დათარიღებული მანუსკრიპტები და სხვ. ბიბლიოთეკაში დაცულია უძვირფასესი ხელნაწერები - ხლუდოვის ფსალმუნი (860), სვიატოსლავის წერილები (1073), მსტისლავის სახარება (1117), იურიევის სახარება (1119) და ჰალიკის სახარება (1144). მუზეუმის მონეტების კოლექცია 1,7 მილიონ მონეტას ითვლის და ის უდიდესია რუსეთში.