მორფემა

მნიშვნელობის მქონე უმცირესი ენობრივი ერთეული

მორფემა — მნიშვნელობის მქონე უმცირესი ენობრივი ერთეული. იგი პირველად განსაზღვრა ამერიკელმა ენათმეცნიერმა ლეონარდ ბლუმფილდმა 1933 წელს. მორფემათა დაყოფა იძლევა ფონემებს, რომლებიც მნიშვნელობის არმქონე, მინიმალური ბგერითი ელემენტებია.

გრამატიული და ლექსიკური მორფემები

რედაქტირება

მორფემათა ორი ძირითადი კატეგორია არსებობს: ლექსიკური მორფემები (ანუ ლექსემა) და გრამატიკული მორფემები. ზოგიერთ ნაშრომში ეს ორი კატეგორია გაერთიანებულია მონების სახელწოდების ქვეშ და ტერმინი მორფემა მხოლოდ გრამატიკული მორფემების აღსანიშნავად იხმარება. [1]

ფუძე და აფიქსი

რედაქტირება

მორფემები იყოფა ფუძისეულ (ფუძე) და აფიქსალურ (აფიქსი) მორფემებად.

ფუძე არის სიტყვის ძირითადი მნიშვნელობის მქონე ნაწილი. იგი წარმოადგენს სიტყვის აუცილებელ ელემენტს — არ არსებობს სიტყვა ფუძის გარეშე. ფუძისეულ მორფემებს სიტყვათა წარმოება შეუძლიათ როგორც აფიქსების თანხლებით ასევე დამოუკიდებლად.

აფიქსი არის სიტყვის დამხმარე ნაწილი, რომელიც უერთდება ფუძეს და გამოიყენება სიტყვათსაწარმოებლად და გრამატიკული მნიშვნელობის გამოსახატავად. აფიქსს არ შეუძლია დამიუკიდებლად სიტყვის წარმოება.

დაკავშირებული და თავისუფალი მორფემები

რედაქტირება

დაკავშირებულ მორფემას უწოდებენ ისე მორფემას, რომელიც არასოდეს წარმოდგება როგორც ლემა და ცალკე არ არსებობს. იგი ყოველთვს დაკავშირებულია ფუძისეულ მორფემასთან. ასეთებია, მაგ. ზმნის უღლებაში პირისა და რიცხვის გამომხატველი დაბოლოებები და სხვა სუფიქსები.

თავისუფალია მორფემა, რომელიც ცალკე სიტყვას წარმოადგენს. მაგ. „მე“, „შენ“, არტიკლები და ა.შ.

დერივაციული და ფლექსიური მორფემები

რედაქტირება

დაკავშირებულ მორფემებში განასხვავებენ დერვაციულ და ფლექსიურ მორფემებს.

დერივაციული მორფემები ანუ აფიქსები გამოიყენება ახალი სიტყვების საწარმოებლად და სემანტიკური ღირებულება გააჩნიათ.

დერივაციული მორფემების ორი ტიპი არსებობს იმისდა მიხედვით თუ რა ადგილი უჭირავს იმ ლექსიკური ფუძის მიმართ, რომელსაც უკავშირდება და თუ რა გავლენას ახდენს მის კატეგორიაზე.

  • პრეფიქსი არის აფიქსი, რომელიც წინ უსწრებს ლექსიკურ ფუძეს. იგი არასოდეს იწვევს ფუძის გრამატიკული კატეგორიის ცვლილებას.
  • სუფიქსი ისეთი აფიქსია, რომელიც ფუძეს მოსდევს და შეუძლია მისი გრამატიკული კატეგორიის შეცვლა.

დერივაცია შესაძლოა მოხდეს ერთდროულად როგორც პრეფიქსაცით, ასევე სუფიქსაციით. ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს პარასინთეტიკურ დერივაციასთან.

ფლექსიური მორფემა, ანუ ფლექსია მიუთითებს იმ მიმართებაზე, რასაც ამყარებს ლექსიკური ფუძე გამონათქვამის სხვა ერთეულებთან.

განასხვავებენ ფლექსიის ორ ტიპს ფუძის კატეგორიის მიხედვით:

  • ფლექსიები, რომლებიც შეეხება ნომინალურ, პრონომინალურ და ზედსართაულ ფუძეებს. ძირითადად ესენია: სქესი, რიცხვი, ბრუნება და ა.შ.
  • ზმნური ფლექსიები, რომლებიც ზმნათა უღლებას შეეხება. მათი ფუნქციაა პირის, რიცხვის, დროის, კილოს აღნიშვნა.

დერივაციული მორფემებისგან განსხვავებით ფლექსიური მორფემა არასოდეს ცვლის ფუძის კატეგორიას და იგი გრამატიკული მნიშვნელობის მატარებელია.

დამოუკიდებელი და დამოკიდებული მორფემები

რედაქტირება

დამოუკიდებელი ანუ ავტონომიურია მორფემა, თუკი იგი ცალკე გამონათქვამს წარმოადგენს (მაგ. შეკითხვაზე პასუხს) და არ არის დამოკიდებული სხვა ელემენტებზე.

დამოკიდებულია მორფემა, თუკი იგი დაკავშირებულია ფრაზის სხვა სიტყვებთან. ეს უკანასკნელნი შესაძლოა ფრაზაში წარმოდგენილი იყოს ან მხოლოდ იგულისხმებოდეს.

მორფი და ალომორფი

რედაქტირება

მორფემის ფიზიკურ, უშუალო გამოხატულებას წარმოადგენს მორფი, ანუ მორფემის ფონეტიკური ფორმა. ზოგჯერ ერთი მორფემა რამდენიმე სახის მორფს შეიცავს. ამასთან, მორფებს, რომლებიც ერთსა და იმავე მორფემას წარმოადგენენ, შესაძლოა განსხვავებული ფონეტიკური ფორმა ჰქონდეთ.

ერთი მორფემის მორფებს, რომლებიც ერთმანეთის კონტექსტურ ვარიანტებს წარმოადგენენ, ალომორფები ეწოდებათ.

არსებობს თავისუფალი და კონტექსტური ალომორფები.

თავისუფალია ვარიანტები, რომელთა გამოყენება კონტექსტის მიუხედავად ერთნაირად შეგვიძლია. მაგ. ფრანგულ ენაში: tu t'assois / tu t'assieds ; il s'assoit / il s'assied ; je paye / je paie და ა.შ. (ამ შემთხვევაში მოცემული რო-ორი ფორმიდან სურვილის მიხედვით ნებისმიერის გამოყენება შეიძლება)

კონტექსტური ვარიანტების გამოყენება კონტექსტზეა დამოკიდებული. მაგ. ფრანგულ ენაში ზმნა aller-ს (წასვლა) შემთხვევაში ამგვარი ალომორფებია: all-, i-, v-, aill-, რაც იცვლება დროის, რიცხვის და კილოს მიხედვით და ვიღებთ: nous allons / nous irons / il va / qu'il aille.

  1. André Martinet, Syntaxe générale, Armand Colin, 1985.