მორავიის სლოვაკეთი
მორავიის სლოვაკეთი (ჩეხ. Moravské Slovensko) — კულტურული რეგიონი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სლოვაკეთისა და ავსტრიის საზღვრებთან. ცნობილია თავისი დამახასიათებელი ფოლკლორით, მუსიკით, ღვინით, ტანისამოსითა და ტრადიციებით. არეალი მოიცავს ზლინისა და სამხრეთ მორავიის ადმინისტრაციულ მხარეებს.
რეგიონის ცენტრია ქალაქი უჰრესკე-ჰრადიშტე, რომელიც მდინარე მორავაზეა გაშენებული. სხვა მნიშვნელოვან დასახლებულ პუნქტებს შორისაა უჰრესკი-ბროდი, ბრჟეცლავი, ჰოდონინი, სტრაზნიცე და კიიოვი. IX საუკუნეში, ეს რეგიონი დიდი მორავიის იმპერიის ცენტრი იყო.
ადგილობრივი მორავიელები ჩეხური ენის მორავიული დიალექტზე საუბრობენ, რაზეც გავლენას ახდენენ მეზობლად მცხოვრები სლოვაკურენოვანი ხალხი, სწორედ ამიტომ ეწოდა რეგიონს „მორავიის სლოვაკეთი“. სლოვაკეთთან ენობრივი და კულტურული კავშირების გამო, XX საუკუნემდე ბევრი ეთნოგრაფი მორავიელ სლოვაკებს მიიჩნევდნენ ხალხად, რომელიც პოლიტიკურად მორავიას მიეკუთვნება, მაგრამ ეთნოგრაფიულად და კულტურულად სლოვაკების ეთნიკურ ჯგუფს. ისტორიულად, ამ არეალში ასევე სახლობდა გერმანულენოვანი მოსახლეობა, რომელმაც ასევე იქონია გავლენა ადგილობრივთა მეტყველებაზე.