მიხეილ შავიშვილი (არქიტექტორი)
მიხეილ კალისტრატეს ძე შავიშვილი (დ. 2 სექტემბერი, 1894, ოზურგეთი — გ. 5 ოქტომბერი, 1958, თბილისი) — ქართველი არქიტექტორი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1947), სსრ კავშირის მშენებლობისა და არქიტექტურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი.
ბიოგრაფია
რედაქტირებასაშუალო განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო და შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის გამო ვერ დაამთავრა — 1916 წელს არმიაში გაიწვიეს. 1922 წელს სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტექნიკური ფაკულტეტის არქიტექტორის სპეციალობით. აღსანიშნავია, რომ მიხეილ შავიშვილი იყო ერთ-ერთი პირველტაგანი, ვინც არქიტექტურული განათლება საქართველოში მიიღო.
1931 წელს ახალგაზრდა, ნიჭიერი ხელოვანი მიიწვიეს საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სადაც კითხულობდა სპეცკურსებს, ხოლო 1951-1955 წლებში განაგებდა არქიტექტურის კათედრას.
1932 წლიდან მუშაობას იწყებს საპროექტო დაწესებულებებში, სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე განაგებდა არქიტექტურულ სახელოსნოებს. იგი 80-მდე პროექტის ავტორია. მათ შორის აღსანიშნავია: სპეციალისტთა საცხოვრებელი სახლები საბურთალოზე, ავტოქარხნის მუშათა საცხოვრებელი რაიონი ქუთაისში, შამპანკომბინატის ნაგებობათა კომპლექსი თბილისში, ადმინისტრაციული სახლი ცხინვალში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსი, სამედიცინო ინსტიტუტის და საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეორე კორპუსი, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გორში, ლ. მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრი ქუთაისში და სხვა მრავალი. მისმა არაერთმა პროექტმა გაიმარჯვა საკავშირო თუ რესპუბლიკურ კონკურსებში.
აღსანიშნავია მიხეილ შავიშვილის ღვაწლი ეთნოგრაფიულ და არქეულოგიური ექსპედიციების საქმიანობაში — მან აზომა არაერთი ხუროთმოძღვრული ძეგლი. იგი იყო საქართველოს არქტიტექტორთა კავშირის ჩამოყალიბების ერთ-ერთი ორგანიზატორი, 1945-1947 წლებში მისი თავმჯდომარე, გამგეობის წევრი. დაჯილდოვებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით და მედლებით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. მის გვერდით პანთეონში დასაფლავებულია მისი მეუღლე — ეთერი ესტატეს ასული ანანიაშვილი (დ. 1907, თბილისი — გ. 16 თებერვალი, 1988, იქვე).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 674.
- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 364, თბ., 1994