მიხეილ მიქელაძე
მიხეილ გერასიმეს ძე მიქელაძე (დ. 22 ოქტომბერი, 1899, სოფ. ქილდა, ახლანდ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტი — გ. 5 ივლისი, 1975, თბილისი) — ქართველი სამხედრო პირი. გენერალ-მაიორი (1942).
1915 წელს გაიწვიეს მეფის არმიაში. მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში (1914-1918; მოსკოვის გრენადერთა მე-8 პოლკის პრაპორშჩიკი, შემდეგ პოდპორუჩიკი). 1918-1921 წლებში მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში, 1921 წლიდან — წითელ არმიაში. 1936 წელს დაამთავრა მიხეილ ფრუნზეს სახელობის სამხედრო აკადემია, დაინიშნა მე-2 კავკასიის მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსად. 1937 წლიდან მე-2 (შემდგომ 63-ე) ქართული მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსი. 1938 წელს დაინიშნა 29-ე მსროლელი დივიზიის შტაბის უფროსად. მეორე მსოფლი ომის (1941-1945) დროს იყო 195-ე მსროლელი დივიზიის მეთაური, მე-20 გვარდიული მსროლელი კორპუსის მეთაურის მოადგილე; მე-7, შემდეგ მე-10 გვარდიული საჰაერო-სადესანტო დივიზიების მეთაური. 1944 წლიდან მეთაურობდა მე-13 მსროლელ კორპუსს. მონაწილეობდა ბრიანსკთან, მოსკოვთან, ბელგოროდთან, ხარკოვთან, ვორონეჟთან ბრძოლებში. 1953 წელს დაინიშნა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამხედრო კათედრის გამგედ. 1956 წლიდან თადარიგში გავიდა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.