მიხეილ გრიგორის ძე ლომიზე (რუს. Михаил Григорьевич Ломизе; დ. 21 სექტემბერი, 1933 — გ. 2 ივლისი, 2021) — საბჭოთა და რუსი გეოლოგი. გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1981), მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიური ფაკულტეტის დინამიკური გეოლოგიის კათედრის პროფესორი (1985). აკადემიკოს ვიქტორ ხაინის მოწაფე.

მიხეილ ლომიზე
დაბ. თარიღი 21 სექტემბერი, 1933(1933-09-21)
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველო
გარდ. თარიღი 2 ივლისი, 2021(2021-07-02) (87 წლის)
მოქალაქეობა  სსრკ
 რუსეთი
საქმიანობა გეოლოგი
ალმა-მატერი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი

ბიოგრაფია

რედაქტირება

მიხეილ ლომიზე დაიბადა 1933 წლის 21 სექტემბერს ქალაქ თბილისში, მოსამსახურის ოჯახში. 1956 წელს წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიური ფაკულტეტი და ჩააბარა ასპირანტურაში დინამიკური გეოლოგიის კათედრაზე. 1963 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის მეზოზოური ეფუზიური ვულკანიზმი და მისი კავშირი ტექტონიკასთან“. 1962–67 წლებში იყო უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1967–69 წლებში უფროსი ლექტორი, 1969–83 წლებში დოცენტი, ხოლო 1985 წლიდან დინამიკური გეოლოგიის კათედრის პროფესორი. 1981 წელს დაიცვა სადოქტორო დისერაცია თემაზე: „გეოსინკლინური ვულკანიზმის ტექტონიკური ვითარება“ (კავკასიის, კარპატებისა და ანდების მაგალითზე).[1]

სხვადასხვა დროს იყო: გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (1982–87), გეოდინამიკური პროექტის სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე (1975–80), სსრკ-ის უმაღლესი და საშუალო სპეციალური განათლების სამინისტროს სამეციერო-მეთოდური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე უმაღლესი გეოლოგიური განათლების მიმართულებით (1981), მეცნიერ-მდივანი (1971 წლიდან), მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიური ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს წევრი სადოქტორო და საკანდიდატო დისერტაციების დაცვის საკითხში გეოლოგიისა და გეოტექტონიკის დარგში, სსრკ-ის უმაღლესი საატესტაციო კომისიის ექსპერტი. მიხეილ ლომიზეს გამოქვეყნებული აქვს 160-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მისი ინტერესების სფერო მოიცავს: ტექტონიკასა და ნაოჭა ოლქების გეოდინამიკას. მის კვლევებს თან ახლდა მრავალრიცხოვანი საველე სამუშაოები კავკასიონსა და მცირე კავკასიონზე, კარპტებში, ანდებში (ჩილე), ისლანდიაში, ტიან-შანზე, აგრეთვე სამარშრუტო დაკვირვებები სხვადასხვა რეგიონში. კითხულობდა ლექციებს გეოტექტონიკისა და ნაოჭა ოლქების პალეოტექტონიკის დარგში.[2]