მიხეილ თუმანიშვილი (ოფიცერი)
მიხეილ გრიგოლის ძე თუმანიშვილი (დ. 8 ნოემბერი, 1892, თბილისი, — გ. 21 თებერვალი, 1921, სოფ. სოღანლუღი) — ქართველი სამხედრო პირი, კაპიტანი.
დაიბადა მცხეთის პოლიცმეისტერის, კაპიტან გრიგოლ დიმიტრის ძე თუმანიშვილის და მარიამ გაბრიელის ასულ ქორღანაშვილის ოჯახში. დაამთავრა პეტერბურგის საარტილერიო სასწავლებელი (1915). პორუჩიკის წოდებით მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (კავკასიის ფრონტი). 1918 წლიდან მსახურობდა საქართველოს რესპუბლიკის ჯარში. კაპიტნის წოდებით დაინიშნა სამხედრო სამინისტროს საარტილერიო სექციის უფროსის თანაშემწედ. 1921 წლის თებერვალში თბილისის მისადგომებთან საბჭოთა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ ბრძოლაში მეთაურობდა სოღანლუღის ფრონტზე განთავსებულ მე-2 საარმიო დივიზიონის მე-2 სამთო საარტილერიო ბატარეას. დაიღუპა ბრძოლის დროს. ომში დაღუპულ სხვა ქართველ სამხედროებთან ერთად დაკრძალეს სამხედრო ტაძრის ეზოში, ამჟამინდელი პარლამენტის შენობის წინ (ტაძრის დანგრევის შემდეგ საფლავი დაკარგულია). დაჯილდოებულია წმ. ვლადიმირის ორდენით და წმ. გიორგის ჯვრით.
ლიტერატურა
რედაქტირება- მიხეილ გრიგოლის ძე თუმანიშვილი, გაზ. «კოლხური კოშკი», თბ., 1995, #23 (28);
- ურუშაძე, ლ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 124.