ტფილისის სამხედრო ტაძარი, ტფილისის ალექსანდრე ნეველის სამხედრო ტაძარი (რუს. Тифлисский Александро-Невский военный собор) — მართლმადიდებელი ქრისტიანული საკათედრო ტაძარი რუსეთის კავკასიის ომში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ ხალხთან გამარჯვების აღსანიშნავად აღიმართა და შუასაუკუნეების რუსი წმინდანი ალექსანდრე ნეველის სახელობისა იყო. ნეობიზანტიური სტილის ნაგებობის პროექტი დ. გრიმს ეკუთვნის. მის აშენებაზე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ს.ა. შერემეტიევს, რომელიც ტაძრის აშენებას ვერ მოესწრო.

ტფილისის სამხედრო ტაძარი

გეგმის მიხედვით ტაძარს უნდა დაეტია 2000 მდე მომლოცველი და უნდა ღირებულიყო 300-500 ათასი რუბლი. 1866 წლის 1 მაისს ღუნიბის მოედანზე სამხედრო ტაძრის ასაშენებლად ჩატარდა კონკურსი რომელშიც მონაწილეობდა 16-მდე პროექტი. პირველი პრემია 2000 რუბლი ერგო აკადემიკოს შრეტერს და მხატვარს ღუნის. მეორე ადგილის პრემია 800 რუბ. შეხვდა პროფ. გრიმსა და გედიკეს. სწორედ ამ უკანასკნელთა მიერ შემოთავაზებული პროექტის ხორცშესხმა იქნა მიღებული მისი უდიდებულესობის ბრძანებით რომელიც მართალია უფრო იაფი ჯდებოდა მაგრამ მშვენიერებით გაცილებით ჩამორჩებოდა შრატერის პროექტს.

 
სამხედრო ეკლესიის საძირკველის ჩაყრის წარუმატებელი მცდელობა თბილისში. 29.09. 1888 წ.

1871 წლის 16 აპრილს ალექსანდრეს ბაღის ზემო ნაწილში ღუნიბის მოედანზე (მოგვიანებით „სობორნი“ მოედანი დაერქვა, ამჟამად რუსთაველის გამზირის ნაწილი), კათედრალის მშენებლობისათვის გაჭრეს საძირკველი, თუმცაღა ტაძრის თავდაპირველი სახე თავიდანვე შეიცვალა. 1877 წელს რუსეთ-თურქეთის ომთან დაკავშირებულმა ფინანსურმა პრობლემებმა გამოიწვია ტაძრის მშენებლობის შეჩერება, რომელიც მოგვიანებით 1890 წელს განახლდა, ხოლო განახლებასთან ერთად ასევე შეირჩა ტაძრის მშენებლობისათვის ახალი ადგილი იმავე ტერიტორიაზე და 1891 წლის 13 აპრილს ჩაეყარა ტაძრის საბოლოო ვარიანტს საფუძველი.

ტაძრის კურთხევა

რედაქტირება

გუშინ, 1897 წლის 21 მაისს, აკურთხეს წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობაზე აგებული ახალი სამხედრო ტაძარი. ეკლესია კარგა მოზრდილია და თითქმის 200 ოთხ-კუთხი საჟენი ალაგი უჭირავს. აშენებულია ვიზანტიურ გემოვნებაზე და მშვენივრად არის მორთული როგორც შიგნით, აგრეთვე გარედ. საკურთხეველში ასვენია მოსკოვიდან საგანგებოდ გამოწერილი ძვირფასი ხატები, კედლებზე წმინდანების სურათებია დახატული. შუა ადგილას ხომლია ჩამოშვებული, რომელსაც 218 სანთლის მინაგვარი ელექტრონის ლამფა აქვს ჩამოკიდებული. შანდლები მთლად ბრინჯაოსაგან არის დამზადებული. ეკლესია აკურთხა ეგზარხოსმა ვლადიმირმა ადგილობრივი სამღვდელოების თანდასწრებით. კურთხევას დაესწრო დიდი მთავარი ნიკოლოზ მიხეილის ძე, მთავარ-მართებელი ტ. გოლიცინი მეუღლით, თანაშემწე მისი ა.ა.ფრეზე, კორპუსის კომანდირი ტ.ი.გ. ამილახვარი, კომენდანტი რეიტერი, გუბერნატორი ტ. შერვაშიძე, შტაბის უფროსი, პოლიცმეისტერი და მრავალი სხვა. კურთხევის შემდეგ ყველანი მთავარმალთებელთან იყვნენ მიწვეულნი სასაუზმედ. [1]

გუშინ 21 მაისს, აკურთხეს ახალი სამხედრო ტაძარი ბ. კავკასიის მთავარმართებლის სასახლის გვერდით. მთელი ქალაქი დილიდამ ბაირაღებით მორთული იყო. დილის რვა საათზე გალავანში თავი მოიყარეს ტფილისში მყოფმა ჯარებმა, თავიანთ უფროსებითურთ, იქვე მობრძანდნენ ბ. კავკასიის მთავარმართებელი გ. ს. გოლიცინი, თავ. ი. გ. ამილახვარი და სხვა სამხედრო და სამოქალაქო დაწესებულებათა უფროსებიდა მოხელენი. აუარებელი ხალხით იყო გავსილი ტაძრის გალავნის გარშემო ქუჩები. წირვის შემდეგ მისმა ყოვლად უსამღვდელოესობამ საქართველოს ექზარხოსმა შესაფერი ქადაგება წარმოსთქვა.[2]

ტაძრის აღწერილობა

რედაქტირება

ტაძარი გეგმაში ტოლგვერდა ჯვარს წარმოადგენდა, რომლზეც იდგა 16 წახნაგა გუმბათის ყელი. ტაძრის სიმაღლე - 18 საჟ. შიგნით 13 საჟენი და 1 არშ. სიგრძე ისევე როგორც სიგანე - 14 საჟ. 2 არშ. ფუნდამენტი ჩამოსხმული იყო ბეტონისა და სოლოლაკის ქვის ნაზავისაგან. აგურის კედლები მოპირკეთდა ქუთაისის (ვარდისფერი) და ძეგამის (თეთრი) ქვებით. სამრეკლოს გვერდით მდებარე ნაგებობები აგებული იყო სოლოლაკისა და ძეგამის ქვებით. ტაძარში შესასვლელი კიბეები, რელიეფური ორნამენტები, შესრულებულდა ქუთაისის ქვაში. გუმბათი აეწყო შბედლერის გეგმის მიხედვით. ჯვრები ტაძარზე იყო მოოქროვილი ბრინჯაოსი. ოთხიარუსიანი სამრეკლო რამდენიმე ზარისაგან შედგებოდა რომელთა საერთო წონა 600 ფუთამდე იყო. ტაძარი რკინის ჯებირით იყო შემოფარგლული რომელსაც სამი შესასვლელი ჰქონდა. ცენტრალური შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს ტაძარძე აღმართული იყო ალექსანდერე ნეველის ხატი, რომლის წინაც მუდამ ბჟუტავდა მოოქროვილი ბრინჯაოს კანდელი, რომელსაც სამეფო გვირგვინის ფორმა ჰქონდა. ტაძარს ერთი მთავარი შესასვლელი ჰქონდა სადაც იდგა მუხის მასიური ხისგან გამოჭრილი კარი, რომელსაც ამშვენებდა ხეზე ნაკვეთი ჩუქურთმები და ბრინჯაოს ორნამენტები. ამის გარდა იყო კიდევ ორი შესასვლელი: ერთი საკურთხეველში და მეორე სამკვეთლოში. ტაძარს ასევე ჰქონდა სარდაფი რომლისთვისაც ცალკე შესასვლელი იყო განკუთვნილი.

ტაძარი ნათდებოდა 81 სარკმელით და ტაძრის ცენტრში დაკიდული 218 ელექტრონათურიანი ჭაღით, რომელიც 1838 სანთლის ექვივალენტი სიკაშკაშე ჰქონდა. ასევე განთავსებული იყო სხვადასხვა ადგილას 56 ელექტრონათურა. ჰაერის ცირკულაციას უზრუნველყოფდა 8 ელექტრო ვენტილიატორი, რომელთაც შეეძლოთ 1500 კუბური საჟენი მოცულობის ჰაერის ამოქაჩვა საათში. გათბობის საჰაერო-წყლის სისტემა განთავსებული იყო სარდაფში.

ტაძარი მოხატული იყო პეტრე კოლჩინისა და ლუდვიგ ლონგოს მიერ. მარმარილოთი მოწყობილი კანკელი ერთიარუისანი იყო, შიგადაშიგ მოოქროვილი. მარმარილოს ამშვენებდა ზედვე ამოკვეთილი ჩუქურთმები. ბიზანტიურ სტილში შესრულებული მასიური ბრინჯაოს აღსავლის კარი მოოქროვილი იყო.[3] ტაძარს ოთხივე მხარეს, ინტერიერში რუსული წარწერა ჰქონია:

  • ჩრდილოეთით -
 
„რუს. Да будут очи Твои отверсты на храм сей день и нощь. - Храм сей начат сооружением осенью 1889 г. при Главнокомандующем князе А. М. Дондукове- Корсакове и начальнике инженеров Генерал-лейтенанте А. Д. Подышове; окончен при Главноначальствующем Генерал-адъютанте С. Л. Шереметьеве, освящен 21 мая 1897 г. Строитель храма инженер полковник В. П. Герасимов
  • აღმოსავლეთით -
 
„რუს. Хвалите Господа вси языцы. Сей храм во имя Св. Благоверного князя Александра Невского сооружен во славу Божию и в память окончания Кавказской войны, повелением в Бозе почивающего Императора Александра II. Да будет память Его в роды родов
  • სამხრეთით -
 
„რუს. От востока солнца до запада имя Мое прославися во языцех. Кавказская война началась в 1567 г., окончипась в царствование Императора Александра II при Наместнике Его Великом князе Михаиле Николаевиче 21 мая 1864 г.
  • დასავლეთით -
 
„რუს. Блаженни миротворцы, яко тии сынове Божии нарекутся

ტაძარს გააჩნდა საკუთარი ინდივიდუალური გათბობის ცენტრალური სისტემა რომლის გამათბობელი იდგა სარდაფში. ტაძარში თავს იწონებდა ასევე ძველი ტაძრიდან გადმოტანილი ძველი ხატები.

ტაძარში შიგნით უკანა მხარე თავს იწონებდა ფარები, რომლებზეც ეწერა თუ რამდენი ჯარისკაცი და არმიის ქვედანაყოფი მონაწილეობდა კავკასიის დაპყრობაში. ტაძარი ოთხიარუსიანი მაგრამ მონოტონურია, სამრეკლოს კოშკი ტაძრის სამხრეთით იდგა და გარს ეკვრა რკინის ღობე რომელსაც სამი ჭიშკარი ჰქონდა. ტაძრის ირგვლივ ჩამწკრივებული იყო ქვემეხები, რომლებიც ომის დროს დამარცხებულ მხარეებს (სპარსეთი, თურქეთი და შამილი) ჩამოართვეს. ტაძარი სამეკლესიანი ყოფილა, შუა - ალექსანდრე ნეველის, მარჯვენა - მიქაელ მთავარანგელოზის და მარცხენა - წმინდა ნიკოლოზის სახელობის.

ფუნქციონირება

რედაქტირება

ტაძარს განაგებდა საქართველოს ეგზარქატი 1917 წლამდე, რის შემდეგაც იგი გადაეცა ავტოკეფალია მინიჭებულ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს. 1921 წლის თებერვალში ტაძრის ეზოში დაასაფლავეს საქართველოს სამხედრო სკოლის სტუდენტები (იუნკერები), რომლებიც წითელ არმიასთან ბრძოლაში დაიღუპნენ. 1930 წლის 7 თებერვალს საბჭოთა მმართველობამ დაიწყო ტაძრის დემოტაჟი[4] საქართველოს სსრ-ის მთავრობის სახლის ასაშენებლად ადგილის გასათავისუფლებლად. ამჟამად მის ადგილას საქართველოს პარლამენტის შენობა დგას.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ, 2002, გვ. 279
  • კვირკველია, თენგიზ. ძველთბილისური დასახელებანი, გვ. 28. თბილისი: "საბჭოთა საქართველო", 1985.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. ტფილისის სამხედრო ტაძრის კურთხევა: „ივერია“, 22 მაისი, 1897.
  2. „ცნობის ფურცელი“, 22 მაისი, 1897.
  3. Новый соборь войскъ кавказскаго военнаго округа въ г. Тифлисе: "КавказЪ", 21 Мая, 1897.
  4. "კომუნისტი": 7 თებერვალი, 1930.