მიხეილ ზაალიშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ზაალიშვილი.

მიხეილ ყარამანის ძე ზაალიშვილი (დ. 10 სექტემბერი, 1865, სოფელი იგოეთი, ახლანდელი კასპის მუნიციპალიტეტი — გ. 10 სექტემბერი, 1920, თბილისი) — ქართველი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე.

ბიოგრაფია

რედაქტირება

1885 წელს დაამთავრა ბაქოს რეალური სასწავლებელი, დაბრუნდა თბილისში და სწავლა განაგრძო სამასწავლებლო ინსტიტუტში, რომელიც 1887 წელს ოქროს მედლით დაასრულა. შემდეგ სწავლობდა ახალალექსანდრესეულ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში, რომის დასრულების შემდეგ დაინიშნა წინამძღვიანთკარის სასოფლო სამეურნეო სკოლის გამგედ. 1887 წლიდან სწავლობდა პოლონეთში, სოფლის მეურნეობის და მეტყევეობის ინსტიტუტში. 1897 წელს დაამთავრა მოსკოვის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი და მიიღო პირველი თანრიგის აგრონომის წოდება. 1897–1902 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ერევანში. 1902 წლიდან იყო გორის ამიერკავკასიის საოსტატო სასწავლებლის სემინარიის დამრიგებელი. 1907 წლიდან დაინიშნა გორის პროგიმნაზიის დირექტორად. 1912 წლიდან ეს პროგიმნაზია გიმნაზიად გადაკეთდა და მიხეილ ზაალიშვილი დირექტორად დანიშნეს.

მისი მეუღლე, მარიამ ნიკოლოზის ასული პანოვა, გორის ქალთა გიმნაზიის დირექტორი და ექიმი იყო. 1918 წლიდან ზაალიშვილი თბილისის მეოთხე გიმნაზიის დირექტორად დანიშნეს. იგი იყო წმინდა სტანისლავის და წმინდა ანას ორდენების კავალერი.

მან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოში საგანმანათლებლო და პედაგოგიური საქმიანობის განვითარებაში.

ქართულ ენაზე დაწერილი მრავალი წიგნის ავტორია, კერძოდ — პირველი ქართული საბუნებისმეტყველო სახელმძღვანელოებისა, მათ შორის ბუნებისმეტყველების (არაორგანული ბუნება, ჰაერი, წყალი, დედამიწა, ბოტანიკა, ადამიანის ანატომია და ფიზიოლოგია, ზოოლოგია), ასევე არითმეტიკის, პირველდაწყებითი გეოგრაფიის, ორგანოვანი ქიმის სახელმძღვანელოებისა. ავტორია წიგნებისა — საზოგადო მიწათმოქმედება, საზოგადო ზოოტეხნია, მეფუტკრეობა და სხვა.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, თბ., 1994