მიხეილ ერისთავი (აგრონომი)

მიხეილ რევაზის ძე ერისთავი (დ. 22 ივნისი, 1861,[1] სოფ. კარალეთი, ახლანდ. გორის მუნიციპალიტეტი, — გ. 1924) — ქართველი აგრონომი, მეწარმე.

ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი, პოეტისა და მთარგმნელის რევაზ ერისთავის შვილი. დაამთავრა უმანის აგროტექნიკური სასწავლებელი (უკრაინა, 1884). სამშობლოში დაბრუნებული შეუდგა კარალეთის მამულის მეურნეობის მოდერნიზებას, დანერგა წყლის რეჟიმზე მომუშავე სალეწი მანქანა, შემოიტანა მარცვლეულის პერსპექტიული და ახალი ჯიშები. მან პირველმა ჩაუყარა საფუძველი საქართველოში დიდი პომოლოგიური ბაღის შექმნას — 14 დესეტინა ფართობზე გააშენა ხეხილის ყველა ინტროდუცირებული ჯიში და სახეობა. კარალეთში სუფრის ყურძნის ქართული და უცხოური სახეობები გააშენა და ვაზის ჯიშების მრავალფეროვანი კოლექცია შექმნა.[2]

მიხეილ ერისთავს ცოლად ჰყავდა (1895 წლიდან) ელენე, გენერალ-მაიორ ივანე საგინაშვილის ასული.[1] 1924 წელს, აგვისტოს აჯანყების შემდგომი რეპრესიების პერიოდში, მიხეილ ერისთავი და მისი ვაჟი — 20 წლის სტუდენტი რევაზი საბჭოთა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის წარმომადგენლებმა მოიტაცეს მიხეილის ქალიშვილის ნინოს და ივანე მაყაშვილის ქორწილის დროს და დახვრიტეს.[2] რეპრესირებული ოჯახის ყოფილი კარალეთში სასახლე საბჭოთა პერიოდში სამეურნეო და ადმინისტრაციული მიზნებისთვის გამოიყენებოდა, 1990-იან წლებში კი ნანგრევებად იქცა.[3]