მიმიკრია
მიმიკრია (ინგლ. mimicry < ბერძ. mimikos — „მიმბაძველობითი“) — ზოგი სახეობის ცხოველებისა და მცენარეების თავდაცვითი შეგუება - ფორმით ან ფერით დამსგავსება გარემო საგნებთან, სხვა ცხოველებთან და მცენარეებთან.
მიმიკრია ცხოველებში ესაა მიმსგავსება კარგად დაცულ და საჭმელად უვარგის ცხოველებთან (მიმეტიზმი) ან გარემოს რომელიმე საგანთან. მფარველობითი შეფერილობისა და ფორმის ერთ-ერთი სახეა და განპირობებულია ბუნებრივი გადარჩევის ხანგრძლივი მოქმედებით. ორგანიზმებს, რომლებსაც აღმოაჩნდებოდათ გარეგნული ნიშნების ან ქცევის მხრივ, სულ მცირე განსხვავებები, რაც აძლიერებდა მათ მსგავსებას კარგად დაცულ ცხოველებთან, გადარჩენისა და შთამომავლობის დატოვების მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ სასარგებლო ცვლილებებს მოკლებულ ორგანიზმებთან შედარებით. სასარგებლო ცვლილებები თაობიდან თაობაში ძლიერდებოდა და სრულყოფას განიცდიდა. გარემოს საგნებთან ცხოველთა მიბაძვის მრავალი მაგალითია ცნობილი: პეპელა-მზომელას მატლი საშიშროებისას ხის ტოტზე გაიჭიმება და როკს ემსგავსება, ხოლო ჩხირულა — ხის ტოტს; სხვა შემთხვევებში მტრისგან თავდაუცავი, უშხამო და საჭმელად ვარგისი ცხოველები (იმიტატორები) ემსგავსებიან შხამიან და საჭმელად უვარგის ცხოველებს (მოდელები). მიბაძვითი მსგავსება დასაცავად მხოლოდ გარკვეულ პირობებში გამოდგება. მოდელი უნდა ხასიათდებოდეს გამაფრთხილებელი შეფერილობით, რაოდენობრივად ჭარბობდეს იმიტატორს. მოდელიცა და იმიტატორიც უნდა ბინადრობდნენ ერთსა და იმავე ტერიტორიაზე და ჰქონდეთ მსგავსი ინსტიქტები. ამ ტიპის მიმიკრიის ერთ-ერთი ფორმა (საჭმელად ვარგისი და უვარგისი ცხოველების ან თავდაუცავი და იმუნური ფორმების მსგავსება) აღწერილი აქვს ჰ. ბეიტსს (ე. წ. ბეიტსის მიმიკრია). მაგალითად პეპლების ოჯახის ჰელიკონიდების წარმომადგენლებს, რომლებსაც გამაფრთხილებელი შეფერილობა და არასასიამოვნო სუნი აქვს, ემსგავსებიან ამაზონის ველის საჭმელად ვარგისი პეპლები თეთრულასებრთა ოჯახიდან. მრავალი მწერი ბაძავს ნესტრიან მწერებს. მიმიკრიის მოვლენები აღწერილია ხერხემლიან ცხოველებშიც. უშხამო გველები ხშირად მკვეთრად შეფერილი შხამიანი გველების ზუსტ ასლს წარმოადგენენ. ზოგჯერ იმუნური ფორმები ურთიერთსაც ბაძავენ. ეს მოვლენა აღწერა ფ. მიულერმა (ე. წ. მიულერის მიმიკრია). სამხრეთ ამერიკაში სხვადასხვა ოჯახის პეპლები ხშირად ერთმანეთს ემსგავსებიან და ერთად ბინადრობენ. ამ იმუნური პეპლების ურთიერთმიბაძვის შედეგად „მიმიკრიის რგოლების“ წარმოშობა აიხსნება იმით, რომ ფრინველები საკვებად უვარგის პეპლებს საკუთარი გამოცდილების საფუძველზე ცნობენ, მაგრამ პეპლების ნაწილი ხშირად ახალგაზრდა (გამოუცდელი) ფრინველების მსხვერპლი ხდება. პეპლების ეს რაოდენობა სხვადასხვა სახეობის პოპულაციათა შორის ნაწილდება, რის გამოც ამა თუ იმ სახეობის ინდივიდთა ელიმინაცია მცირდება. იმუნურ ფორმასთან მსგავსება ევოლუციის შედეგია, იგი თანდათან ვითარდება და სულ უფრო მეტ სრულყოფას აღწევს. მიმიკრიის სრულყოფა განპირობებულია ცხოველთა ქცევის თავისებურებებით. მაგალითად, ხმელი ფოთლის მსგავსი მრავალი პეპელა მცვივანი ფოთლების მსგავსად წრიულად მოძრაობს. ბუზი-ჩუხჩუხელა წინა ფეხებს სიფრიფანა-ფრთიანების ულვაშების მსგავსად ამოძრავებს და მათსავით ბზუის. ევოლუციის პროცესში მიმიკრიის პარალელურად ქცევის შესაბამისი აქტების სრულყოფაც ხდება.
მიმიკრია მცენარეებში ძირითადად სასარგებლო ცხოველთა მიზიდვასა და მავნე ცხოველთა დაშინებას ემსახურება და გამოიხატება ცალკეულ ორგანოთა და არა მტელი ორგანიზმის მსგავსებაში. ზოგიერთი მცენარე გარკვეული ორგანოებით ემსგავსება სხვა მცენარეებს (მოდელებს) და ამით ატყუებს ცხოველებს. მაგალიტად უნექტრო ყვევილები ნექტრიანებს ემსგავსებიან და მტვერებს დასამტვერავად იზიდავენ. მიმიკრია ჯვარედინი დამტვერვის საშუალებაა ერთი სახეობის ინდივიდებს შორის. ჯადვარის ყვავილი ემსგავსება ფუტკრისა და კრაზანას დედლებს და იზიდავს ამ მწერების მამლებს. მწერიჭამია მცენარეების დამჭერი აპარატი სხვა მცენარეთა მკვეთრად შეფერილ ყვავილებს ემსგავსება, რომლითაც იზიდავენ ისინი მწერებს და შემდეგ ინელებენ. ზოგიერთი მცენარის ყვავილს ბაღლინჯოს ან თაგვის სუნი აქვს, რის გამოც მათ ბალახისმჭამელი ცხოველები არ ეკარებიან.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჭუჭულაშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 701-702.;
- Шеппард Ф. М., Естественный отбор и наследственность, пер. с англ., Москва, 1970;
- Шмальгаузеи И. И., Проблемы дарвинизма, Ленинград, 1969.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- მიმიკრია — nplg.gov.ge