მიკროფილამენტები
მიკროფილამენტები — მყარი ჩხირები 7 ნანომეტრი დიამეტრით. მათ ასევე აქტინის ფილამენტებსაც უწოდებენ, რადგან ისინი აგებულია გლობალური ცილის, აქტინის მოლეკულებისაგან. მიკროფილამენტი არის აქტინის სუბერთეულების დაგრეხილი ორმაგი ჯაჭვი.
გარდა იმისა, რომ მიკროფილამენტები სწორხაზოვანი ბოჭკოების სახით არსებობენ, მათ ასევე შეუძლიათ წარმოქმნან სტრუქტურული ქსელები. ეს შესაძლებელია ისეთი ცილების არსებობის გამო, რომლებიც აქტინის ფილამენტის გვერდის გასწვრივ არიან დაკავშირებული. ისინი ახალ ფილამენტს აძლევს იმის საშუალებას, რომ იგი ტოტის სახით გაიჭიმოს.
მიკროფილამენტები ყველა ეუკარიოტულ უჯრედშია ნანახი. მიკრომიალკების შეკუმშვა-მედეგი ფუნქციისაგან განსხვავებით, ციტოჩონჩხში მიკროფილამენტების სტრუქტურული როლი არის დაჭიმულობის წარმოქმნა. მათი მიერ პლაზმური მემბრანის შიგნით სამგანზომილებიანი ქსელის წარმოქმნა, უჯრედს ფორმის შენარჩუნებაში ეხმარება. ეს ქსელი უჯრედის ქერქს აძლევს ნახევრად მყარი გელის კონსისტენციას, განსხვავებით ციტოპლაზმის შიდა, უფრო თხევადი მდგომარეობისაგან.
ცხოველურ უჯრედებში, რომლებიც სპეციალიზებულია პლაზმური მემბრანის გავლით ნივთიერებათა ტრანსპორტირებისათვის, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის უჯრედები, მიკროფილამენტების კონები წარმოქმნიან მიკროხაოების გულს (ბირთვს). მიკროხაოები ნაზი გამონაზარდებია, რომლებიც უჯრედის ზედაპირის ფართობს ზრდიან. მიკროფილამენტები კარგად არის ცნობილი უჯრედის მოძრაობაში მათი მონაწილეობის გამო: განსაკუთრებით, როგორც კუნთოვანი უჯრედების შემკუმშავი აპარატის ნაწილი. კუნთოვანი უჯრედის სიგრძის გასწვრივ აქტინის ათასობით ფილამენტია ჩამწკრივებული ერთმანეთის პარალელურად. მათ შორის კი მოთავსებულია უფრო მსხვილი ფილამენტები, რომლებიც წარმოქმნილია ცილა მიოზინისაგან. მიოზინი მოქმედებს როგორც სატრანსპორტო ცილა იმ გამონაშვერების (მხრების) მეშვეობით, რომლებიც აქტინის ფილამენტების გასწვრივ დაიარებიან. კუნთოვანი უჯრედების შეკუმშვა ხდება აქტინისა და მიოზინის ფილამენტების ერთმანეთის გასწვრივ სრიალის შედეგად, რაც უჯრედს ამოკლებს.
ლიტერატურა
რედაქტირება- ნილ კემპბელი, ჯეინ ბ. რისი, „ბიოლოგია“, VII გამოცემა, გვ. 147-148, თბ., 2009 წელი.