მიკრობიოტა (ლათ. Microbiota) — შიშველთესლოვან წიწვოვან მცენარეთა გვარი კვიპაროზისებრთა ოჯახისა. ცნობილია ერთადერთი სახეობა М. decussata. იგი 25–50 (100-მდე) სმ სიმაღლის მარადმწვანე გართხმული ბუჩქია, 2–5 მ სიგრძის ბრტყელი ყლორტებით. ფოთლები ზაფხულში მუქი მწვანეა, შემოდგომასა და ზამთარში მოწითალო-ყავისფერი, ქერცლისებრი, ჯვარედინ-წყვილი, ძირში შეზრდილი, ოვალურ-მახვილბოლოიანი, 2 მმ-მდე დიამეტრის; ახალგაზრდა ყლორტებზე ფოთლების ნაწილი შესაძლოა ნემსისებრი იყოს. მამრობითი გირჩები ოვალური ან მთლად მრგვალია, ყალიბდებიან მრავალწლიანი ტოტების ძირში ბოლო პატარა ტოტებზე. მდედრობითი გირჩები ხმელია, 5–6 მმ სიგრძისა და 3 მმ სიგანის, ერთთესლიანი, დამწიფების დროს იხსნება 2 ან 4 საგდულად. ცოცხლობს 100 წლამდე. თესლს იკეთებს 10 წლიდან. იზრდება შორეულ აღმოსავლეთში. სიხოტე-ალინის (რუსეთი) ენდემია. ფერდობებისა და მწვერვალების ზედა ნაწილებში ქვიან ადგილებში წარმოქმნის ხშირ რაყებს. რელიქტური სახეობაა; შეტანილია რუსეთისა და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხებში.[1]