მეტეხი (თბილისი)
მეტეხი — ისტორიული უბანი მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე კლდოვან შემაღლებაზე ავლაბარში, თბილისი. ეს ყველაზე ადრეული დასახლება იყო ქალაქის ტერიტორიაზე. ტრადიციული რწმენით მეფე ვახტანგ I გორგასალმა აქ ეკლესია და ციხესიმაგრე აღმართა, რომელიც ასევე მეფის რეზიდენციის ფუნქციას ასრულებდა. ამ ადგილზე, V საუკუნეში წმ. შუშანიკ წამებული დაკრძალეს.
ეკლესია იხსენიება თამარ მეფის დროს. თამარის ისტორიკოსი ბასილი ეზოსმოძღვარი მოგვითხრობს, რომ შამქორის ბრძოლის დროს, ჯარის გასტუმრების შემდეგ, თამარმა „წარიხადნა სამოსელნი ფერხთანი და ფერხივ შიშულითა ფერხითა მიიწია ტაძარსა ღმრთისამშობლისასა მეტეხთა და წინაშე ხატსა მას წმიდასა მდებარე არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად, ვიდრემდის სრულყო ღმერთმან სათხოველი მისი.“[1]
მონღოლების შემოსევას 1235 წელს ვერცერთი ადრინდელი ნაგებობა გადაურჩა.
მეტეხის მაცხოვრის ეკლესია აღმართული კლდის თავზე მეფე დემეტრე II-ს აღუდგენია 1278-1289 წლებში. ეკლესია ცენტრალურ-გუმბათოვანი ნაგებობაა, რომლის გეგმა იმ დროისათვის უჩვეულოა (4 თავისუფლად მდგომი ბოძი, 3 შვერილი აფსიდი), როგორც ჩანს, ამ ადგილზე მანამდე მდგარი ეკლესიის გეგმას იმეორებს. ფასადები ახლებური დეკორატიული სისტემით არის დამუშავებული:კედლები დანაწევრებულია ჰორიზონტული სარტყლებით (ეს სისტემა ვერ გავრცელდა), მაგრამ იმავე დროს საკურთხევლის შვერილ აფსიდზე გამეორებულია ძველი, სამთავისის დროიდან ცნობილი, სისტემა - დიდი ჯვარი და 2 მოჩუქურთმებული კვადრატი სარკმლის ქვემოთ, საუკუნეთა განმავლობაში შენობამ ბევრი ცვლილება განიცადა. XIII საუკუნის ნაგებობისაგან შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთი და ჩრდილოეთი კედლები კამარების დონემდე, დასავლეთი კედლის ქვემო ნაწილი, სამხრეთ კედლის აღმოსავლეთი ნაწილი.
ეკლესია მოგვიანებით დაზიანდა და რამდენიმეჯერ აღდგენილ იქნა. მეფე როსტომმა (მეფ. 1633-1658) გაამაგრა არემარე ეკლესიის ირგვლივ ძლიერი ციტადელით, რომელსაც 3000 ჯარისკაცი იცავდა. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან, როდესაც ქართლის ტახტზე მაჰმადიანი მეფეები ისხდნენ, მეტეხის ტაძარი უკვე მიტოვებული იყო. მოგზაურ ჟან შარდენის თქმით, მისი მიტოვების უშუალო მიზეზი მეხის დაცემა ყოფილა, ვახტანგ V-მ შენობა ეკლესიად კი არ აღადგინა, არამედ თოფის წამლის საწყობი მოაწყო.[2] მეტეხის ციხიდან 1748 წელს სპარსელთა განდევნის შემდეგ შეკეთდა ამოქმედდა დიდი ხნის წინათ მიტოვებული მეტეხის ეკლესიაც.[3] რუსეთის მმართველობის პერიოდში (1801 წლიდან) ეკლესიამ დაკარგა მისი რელიგიური ფუნქცია და სამხედრო ბარაკად გადაკეთდა. 1819 წელს ციტადელი დაშლილ იქნა და ახალი ნაგებიბით შეიცვალა, რომელიც სატუსაღოს ფუნქციას ასრულებდა 1938 წლამდე.
დიდი წმენდის პერიოდში ლავრენტი ბერიას გადაწყვეტილი ჰქონდა ამ ეკლესიის დანგრევაც, თუმცა ძლიერ წინააღმდეგობა შეხვდა ქართველ ინტელექტუალთა მხრიდან, მხატვარი და კოლექციონერი დიმიტრი შევარდნაძის მეთაურობით. ბერიამ შესთავაზა ეკლესიის რეპლიკის (ასლის) შემცირებული ზომით შექმნა მუზეუმისთვის, რომელსაც მისი წინადადებით თავად დიმიტრი შევარდნაძე უხელმძღვანელებდა, რაზედაც ამ უკანასკნელის მტკიცე უარი მიიღო. შევარდნაძე წინააღმდეგობის გაწევისთვის დაპატიმრებულ და მოგვიანებით სიკვდილით დასჯილ იქნა. მიუხედავად ამისა, ნაგებობის გადარჩენა მაინც მოხერხდა. უფრო გვიანდელ საბჭოთა პერიოდში ეკლესია თეატრის ფუნქციას ასრულებდა. მეფე ვახტანგ გორგასლის ცხენოსანი ფიგურა სკულპტორი ელგუჯა ამაშუკელის მიერ ეკლესიის წინ 1967 წელს აღიმართა.
1980-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ინიციატივითა და პოპულარული მხარდაჭერით დაწყებულ იქნა ეკლესიის საქართველოს საპატრიარქოსთვის დაბრუნების კამპანია. ამ მოთხვონით ცნობილი ქართველი დისიდენტი და მომავალი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია საშიმშილო აქციასაც აწყობს. კომუნისტური მმართველობის თავდაპირველი წინააღმდეგობის მიუხედავად 1988 წლიდან ეკლესიამ ფუნქციონირება დაიწყო.
ლეგენდის თანახმად მეტეხის კლდე აბოს წამების ადგილი უნდა ყოფილიყო (VIII ს.), რომელიც თბილისის მფარველი წმინდანია. მცირე ეკლესია მის სახელზე ამჟამად მშენებლობის პროცესშია კლდის ძირთან.
მეტეხის მიდამო მტკვრის საპირისპირო სანაპიროსთან რკინაბეტონის ხიდითაა დაკავშირებული, რომელიც 1951 წელს აიგო ორი ძველი ხიდის ადგილას. ახალი ხიდის მშენებლობის პროცესში სრულიად დაინგრა სხვადასხვა ნაგებობათა და შენობათა უნიკალური კომპლექსი, რომელიც XVII-XIX საუკუნეებით თარიღდებოდა. ბოლო დროს ქალაქის მთავრობამ წამოიწყო ძველი თბილისის ამ ისტორიული ნაწილის XX საუკუნის დასაწყისის დროინდელ იერზე რესტავრაციის კამპანია.