მესტუმრე — შუა საუკუნეების საქართველოში არსებული ერთ-ერთი თანამდებობა, რომლის მოვალეობათა შორის უცხოელი ელჩების, დიპლომატიური მისიების მიღება და კონტაქტების წარმოება შედიოდა.

მესტუმრე ამირეჯიბის და მანდატურთუხუცესის „ქვეშეთ“ მდგომი მოხელე იყო და „მოციქულთა შემთხუევანი“ და „მეძღუნეთა ჯეროვანი მისაგებელნი“ ჰქონდა მინდობილი.

მესტუმრე ანუ „სტუმართ მოურავი“ (საბა) მოციქულთა, სტუმრებისა და მეძღვენეთა დახვედრა-მიღების თადარიგის დამჭერი მოხელე იყო ძველ საქართველოში. მესტუმრეს სახელმწიფოსაგან განსაზღვრული სარგო ჰქონდა და სტუმრებისაგანაც საჩუქრის სახით მნიშვნელოვან გასამრჯელოს იღებდა. მესტუმრეთა უფროსს მესტუმრეთუხუცესი ეწოდებოდა. გვიანდელ ფეოდალურ პერიოდში მესტუმრისა და მესტუმრეთუხუცესის მნიშვნელობით შემოვიდა „მემანდარი“ და „მემანდარბაში“. მემანდრები და მემანდარბაში ეშიკაღასბაშს ექვემდებარებოდნენ. ტერმინი „მესტუმრე“ „მემანდრის“ შემოსვლის შემდეგაც იხმარებოდა.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 1 ტფ., 1928, გვ. 165-166;