მესანის ბრძოლა

(გადამისამართდა გვერდიდან მესინას ბრძოლა)

მესანის ბრძოლაპირველი პუნიკური ომის პირველი ბრძოლა სიცილიის ქალაქ მესანისთვის.

წინარეისტორია

რედაქტირება

სირაკუზის ტირანის, აგათოკლეს გარდაცვალების შემდეგ, მის სამსახურში მყოფი კამპანიელი დაქირავებული მეომრები უნდა დაბრუნებულიყვნენ იტალიაში, თუმცა ამის ნაცვლად, მათ თვალი დაადგეს სიცილიურ ქალაქ მესანას. კამპანიელებმა, რომლებიც მესანელებმა ქალაქში შეუშვეს, იქაურები დახოცეს და ქალაქს დაეპატრონნენ. იგივე ბედი ეწია მესინის სრუტის აღმოსავლეთით მდებარე იტალიურ ქალაქ რეგიუმს. რეგიუმის მოსახლეობამ, რომელთაც იტალიაში შემოჭრილი ეპიროსელი პიროსის ეშენოდათ, დაცვა და დახმარება რომს სთხოვა. რომაელებმა გამოგზავნეს 4000 კაციანი გარნიზონი დეციუს იუბელიუს კამპანუსის მეთაურობით. გარნიზონი, რომელიც ასევე კამპანიელებისგან შედგებოდა, თავიანთი მესანელი თანამემამულეების მიბაძვითა და დახმარებით ცოტა ხანში აჯანყდა და რეგიუმის მოსახლეობა დაარბია. ძვ. წ. 271 წელს[1] აჯანყების ჩასახშობად რომაელებმა ჯარი გააგზავნეს. აჯანყებულთა დამარცხების შემდეგ, ისინი სამაგალითოდ დასაჯეს, ხოლო ქალაქი მის მკვიდრ მოსახლეობას დაუბრუნეს.[2]

მესანაში გამაგრებული კამპანიელების წინააღმდეგ კი სირაკუზელების ახალი ტირანი ჰიერონ II იბრძოდა. საბოლოოდ მან მდინარე ლონგანუსთან გამართულ ბრძოლაში კამპანიელები დაამარცხა. დამარცხებულ იტალიელთა ნაწილმა დახმარება კართაგენს სთხოვა, ნაწილმა კი რომს. კონფლიქტში თავდაპირველად კართაგენელები ჩაერივნენ. ჰიერონმა, რომელსაც არ სურდა კართაგენთან ღია დაპირისპირება მესანას თავი დაანება და სირაკუზაში დაბრუნდა. ქალაქს კვლავ კამპანიელები განაგებდნენ, თუმცა იქ უკვე კართაგენული გარნიზონიც ჩადგა.[3]

სიცილიაზე მიმდინარე მოვლენებმა რომის ყურადღებაც მიიპყრო. რომაელები თავდაპირველად ორჭოფობდნენ, ვინაიდან არ ამართლებდნენ კამპანიელებს, მაგრამ მათი არ დახმარება ნიშნავდა კუნძულზე კართაგენის ჰეგემონიას.[4] ამიტომ ძვ. წ. 264 წელს რომაელები დათანხმდნენ დახმარების აღმოჩენაზე. პრო-კართაგენელი ისტორიკოსის, ფილინუსის მიხედვით, ამით მათ დაარღვიეს ძვ. წ. 306 წლის შეთანხმება, რომლის თანახმად მათ ჯარებს არ უნდა დაედგათ ფეხი სიცილიაზე, თუმცა ბერძენი ისტორიკოსი პოლიბიოსი უარყოფს ასეთი შეთანხმების არსებობას.[5]

ბრძოლის მიმდინარეობა

რედაქტირება

სიცილიაში გაგზავნილ იქნა არმია კონსულ აპიუს კლავდიუს კაუდექსის მეთაურობით. მიუხედავად იმისა, რომ კართაგენელები მესინის სრუტეს აკონტროლებდნენ და ყველანაირად ცდილობდნენ აღეკვეთათ რომაელთა მცდელობები მისი გადაკვეთისა, კონსულმა მაინც შეძლო ღამის საფარქვეშ სიცილიაზე გადასვლა მოკავშირე იტალიური ქალაქების ფლოტის გამოყენებით. მამერტინელებს ამასობაში უკვე განედევნათ კართაგენელები და ქალაქი რომაელებს გადასცეს. კართაგენელებმა გარნიზონის მეთაური ჰანონი ქალაქის დაკარგვისთვის ჯვარს აცვეს.[6] სხვა წყაროების მიხედვით, რომაელი სამხედროები, რომელთაც პირველად გადაკვეთეს სრუტე იყვნენ ძირითადი არმიის წინ გამოგზავნილი რაზმი ტრიბუნი გაიუს კლავდიუსის მეთაურობით. სწორედ ისინი დაეხმარნენ მამერტინელებს ქალაქიდან ჰანოს განდევნაში.[7]

პირველად შეტევაზე რომაული არმია გადავიდა. კლავდიუსმა ჯერ სირაკუზელებს შეუტია და ჰიერონი აიძულა, რომ არმიასთან ერთად სირაკუზაში გაბრუნებულიყო.[8] ზონარას და დიონის გადმოცემით, ამ ბრძოლაში რომაული მხედრობა დამარცხდა, თუმცა ლეგიონერმა ქვეითებმა გაიმარჯვეს. მეორე დღეს, გამთენიისას, სირაკუზელების ბედი გაიზიარეს კართაგენელებმაც. ბრძოლას უფრო დეტალურად კვლავ ზონარა აღწერს. მისი თქმით, კართაგენელთა ბანაკს ცალი მხრიდან ზღვა იცავდა, მეორე მხრიდან - ჭაობი, შუალედში კი კედელი იყო აშენებული. რომაელთა თავდაპირველი შეტევა წარუმატებლად დამთავრდა და მათ უკან დახევა მოუწიათ. კართაგენელები მტერს დაედევნენ, თუმცა რომაელები შემობრუნდნენ და შეებრძოლნენ. ბრძოლაში კართაგენელები დამარცხდნენ და კლავდიუსის მესანადან წასვლამდე ბანაკიდან გასვლას ვეღარ ბედავდნენ.[7]

მესანასთან ბრძოლების მიმდინარეობაზე ზოგიერთი ისტორიკოსის მონათხრობი რადიკალურად განსხვავებულია. დიოდორე სიცილიელის ვერსიით, სირაკუზელებმა ჩათვალეს, რომ კართაგენელებმა მათ უღალატეს და რომაელებს სრუტის გადმოლახვის ნება დართეს. ამიტომ ჰიერონი თავისი არმიით უბრძოლველად დაბრუნდა სირაკუზაში. რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ კართაგენელებს მოუწიათ, რომლებიც დამარცხდნენ.[9]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. გოლდსვორთი, გვ.66
  2. პოლიბიოსი - ისტორია, 1:7
  3. გოლდსვორთი, გვ.67
  4. პოლიბიოსი - ისტორია, 1:10
  5. გოლდსვორთი, გვ.69
  6. პოლიბიოსი - ისტორია, 1:11
  7. 7.0 7.1 იოანე ზონარა - შემოკლებული ისტორია
  8. ფლორუსი, XVIII, 2
  9. დიოდორე სიცილიელი, XXIII წიგნი, 3