მესამე რომი — რუსულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული ტერმინი, რომელიც ეკუთვნის XVI საუკუნეში მოღვაწე ფსკოველ ბერს - ფილოფეს, რომელიც მოსკოვს „მესამე რომს“ უწოდებს. იგი დიდ მთავარ ვასილი III-ს წერს:

პალეოლოგოსების გერბი. ბიზანტიის უკანასკნელი საიმპერატორო დინასტია.
რუსეთის იმპერიის გერბი
ვიკიციტატა
„ყურად იღე მართლმორწმუნე მეფეო: ორი რომი დაეცა, მესამე რომი — მოსკოვი დგას, ხოლო მეოთხე რომი აღარ იქნება[1].“

„მესამე რომის“ ამ კონცეფციამ დიდი პოპულარობა ჰპოვა რუსეთის ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. სახელმწიფოს გაძლიერებასთან ერთად რუსეთის ხელისუფალნი ცდილობდნენ ჰეგემონიის მოპოვებას მართლმადიდებელ ქვეყნებს შორის.

ეს თეორია განხილული აქვს ეპისკოპოს კირიონს (1917-1918 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს კირიონ II-ს) ნაშრომში „ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში“, სადაც ეპისკოპოსი კირიონი უარყოფს რუსეთის უპირატესობას მართლმადიდებელ ქვეყნებს შორის და აღნიშნავს, რომ მას არც ძალა შესწევდა და არც კულტურული განვითარება უწყობდა ხელს, რომ „მესამე რომი“ ყოფილოყო. იგი წერს:

ვიკიციტატა
„ყველა მეტ-ნაკლებად განათლებული აფუთფუთდა ამ დროს რუსეთში, ყოველგან აწრიპინდა კალამი. ყველა გაცხარებით ეძებდა საფუძველს რათა ის დიადი როლი გაემართლებინა, რასაც რუსეთს მიაწერდნენ. ბერების ვიწრო სენაკებშიც კი დიად გეგმებს სახავდნენ[2].“

კირიონი პოზიციის გასამყარებლად ნაშრომში იშველიებს გ. უსპენსკის ციტატას:

ვიკიციტატა
„მოსკოვის თეორია (მოსკოვზე - ვითარცა მესამე რომზე) მახვილგონივრულად იქნა გამოყენებული მეფური ღირსების ამაღლებისათვის. გვარტომობის წიგნში ჩნდება გენეალოგია, რომელიც სათავეს ავგუსტისაგან იღებს და ნათესაურ კავშირს ამტკიცებს რიურიკთა და იულიუსთა სახლებს შორის. შემდგომ იწყეს ძიება და სხვა საფუძველი აღმოაჩინეს, რუსული სახელმწიფო ხელისუფლება საიმპერატოროსთან დაეახლოებინათ[3].“

„მესამე რომის“ თეორია რუსულ ისტორიოგრაფიაში დღეისთვისაც პოპულარობით სარგებლობს.

  1. ვ.ო. კლიუჩევსკი. რუსეთის ისტორიის კურსი. III ნაწილი, გვ. 337.
  2. ეპისკოპოსი კირიონი. ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში. 1909, გვ 34-35.
  3. ეპისკოპოსი კირიონი. ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში. 1909, გვ 34-35.