ვალერია მესალინა (ლათ. Valeria Messalina; დ. 25 იანვარი, 17 ან 20 – გ. 48) — ძველი რომაელი არისტოკრატი ქალი, რომის იმპერატორ კლავდიუსის ნათესავი და მესამე ცოლი. სარგებლობდა დიდი გავლენითა და ძალაუფლებით, ასევე ვერაგი და მეტად გარყვნილი ქალის რეპუტაციით. ბრალი დასდეს ქმრის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობაში და სიკვდილით დასაჯეს. მესალინა ცუდი ყოფაქცევის ქალის ზოგად სახელად იქცა, თუმცა, შესაძლოა, მისი ასეთი რეპუტაცია რომაელი ავტორების მიერ პოლიტიკურად მიკერძოებული შეფასების შედეგი იყოს.

მესალინა რომაულ მონეტაზე

ბიოგრაფია

რედაქტირება
 
მესალინა და მისი ვაჟი ბრიტანიკუსი (ლუვრი, პარიზი)
 
მესალინას სიკვდილი (მხატვარი: ფერნარდ ლემატი, 1870)

მესალინა იყო კონსულ მარკუს ვალერიუს მესალა ბარბატუსისა და მისი ბიძაშვილის, დორმიცია ლეპიდა უმცროსის ქალიშვილი. როგორც დედის, ისე მამის მხრიდან მესალინა იყო ავგუსტუსის დის ოქტავიას შთამომავალი. ასევე ენათესავებოდა კალიგულას, კლავდიუსს და ნერონს. კლავდიუსს ის ცოლად 18-20 წლის ასაკში, 38 წელს გაჰყვა. ქორწინებამდე მესალინას შესახებ ცოტა რამაა ცნობილი. კლავდიუსს და მესალინას ორი შვილი ჰყავდათ: ქალიშვილი კლავდია ოქტავია (39/40–62), იმპერატორ ნერონის მომავალი მეუღლე, და ვაჟიშვილი ბრიტანიკუსი (41–51).[1]

41 წელს კალიგულას მკვლელობის შემდეგ პრეტორიანელებმა კლავდიუსი ახალ იმპერატორად გამოაცხადეს; მესალინა რომის დედოფალი გახდა. რომაელი ისტორიკოსები, განსაკუთრებით ტაციტუსი და სვეტონიუსი, მესალინას აღწერენ, როგორც დაუნდობელ და ვერაგ, გარყვნილ ქალს, რომელსაც კლავდიუსზე დიდი გავლენა ჰქონდა. ძალაუფლებისადმი სწრაფვის, სიმდიდრისა და დაუკოებელი სქესობრივი ჟინის დაკმაყოფილების საქმეში მესალინამ თავის მოკავშირეებად კლავდიუსის მონაყოფილი კარისკაცები გაიხადა. დედოფალი სარგებლობდა კლავდიუსის მალემრწმენობით და იოლად აჯერებდა იმპერატორს, რომ მისთვის არასასურველი პირები ღალატის ბრალდებით სიკვდილით დაესაჯა. ამ გზით მოაკვლევინა მესალინამ 42 წელს საკუთარი მამობილი, სენატორი აპიუს სილანუსი, რომელმაც, საისტორიო ტრადიციის მიხედვით, მესალინას მისდამი ლტოლვა არ გაიზიარა. მომდევნო წლებში იგივე ბედი ეწია სენატორ ვალერიუს აზიატიკუსს, რომლის მდიდრულ ვილაზე ლუკულუსის ბაღებში მესალინას ეჭირა თვალი, და კონსულ მარკუს ვინიციუსს, რომელმაც, გადმოცემით, უარი უთხრა მესალინას სარეცელის გაზიარებაზე. მესალინას ინტრიგებს ემსხვერპლა ასევე იულია ლივია, კლავდიუსის ძმისშვილი და კალიგულას და, რომელსაც გარყვნილებასა და ინცესტში დასდეს ბრალი და სიკვდილით დასაჯეს. მალევე, მესალინამ აიძულა მოკლული სენატორ აზიატიკუსის საყვარელი და დედოფლის საძულველი მეტოქე მსახიობ მნესტერის სიყვარულში, სილამაზით ცნობილი პოპეა საბინა უფროსი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა.[1]

მესალინას აღვირახსნილობაზე რომაელი ავტორები ლეგენდით გაჯერებულ ბევრ ცნობას გვაწვდიან, თუმცა მათი სანდოობა ხშირად საეჭვოა. მაგალითად, პლინიუს უფროსის მიხედვით, მესალინა გაეჯიბრა რომის ერთ ცნობილ მეძავს, რომელსაც 24-საათიან პაექრობაში 25 პარტნიორით აჯობა. პოეტი იუვენალისი ერთ-ერთ სატირაში წერდა, რომ მესალინა ღამ-ღამობით „ძუ-მგელის“ სახელით ფარულად საროსკოპოში მუშაობდა და მას meretrix augusta-ს („საიმპერატორო მეძავი“) უწოდებდა.[2]

სენატორების სიკვდილმა მკვეთრად გაამწვავა ურთიერთობა იმპერატორის სახლობას და სენატს შორის. საბოლოოდ, მესალინას მიერ კლავდიუსის მონაყოფილის, პოლიბიუსის დაღუპვამ დედოფლის წინააღმდეგ ყოფილი მოკავშირეებიც აამხედრა. 48 წელს ერთ-ერთმა მათგანმა, ნარცისუსმა მოახსენა კლავდიუსს, რომ მესალინა და მისი საყვარელი, კონსულობის კანდიდატი გაიუს სილიუსი საჯაროდ დაქორწინებულიყვნენ იმპერატორის რომში არყოფნის დროს და ძალაუფლების ხელში ჩაგდება ჰქონდათ განზრახული. კლავდიუსი სასწრაფოდ რომში დაბრუნდა და მესალინა თავისთან მოიხმო. ნარცისუსი შიშობდა, რომ იმპერატორი ქალს მიუტევებდა და მესალინას დაუყოვნებლიც პრეტორიანელები მიუგზავნა თითქოსდა კლავდიუსის ბრძანებით, რომ სიკვდილის ღირსეული სახე — თვითმკვლელობა აერჩია. მესალინამ სუიციდი ვერ შეძლო და ერთ-ერთმა პრეტორიანელმა თავისი მახვილით მოკლა. კლავდიუსი ცოლის აღსასრულის ამბავს აუღელვებლად შეხვდა. მოგვიანებით, მან ცოლად საკუთარი ძმისშვილი და სიკვდილით დასჯილი იულია ლივიას და, აგრიპინა შეირთო.[1]

  1. 1.0 1.1 1.2 Wasson, D. L. (2013, July 16).Valeria Messalina. Ancient History Encyclopedia. ნანახია 19 თებერვალი, 2020.
  2. McGinn, Thomas A.J. (1998). Prostitution, Sexuality and the Law in Ancient Rome. Oxford University Press, გვ. 170.