კონსტანტინოპოლის პირველი საეკლესიო კრება

(გადამისამართდა გვერდიდან მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება)

კონსტანტინეპოლის პირველი საეკლესიო კრება (მართლმადიდებლებისთვის — მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება) — მსოფლიო საეკლესიო კრება, ჩატარდა ქალაქ კონსტანტინეპოლში, 381 წელს, რომის იმპერატორის — თეოდოსის ბრძანებით.

კონსტანტინოპოლის პირველი საეკლესიო კრება
თარიღი მაისი, 381
აღიარებს
წინა კრება ნიკეის პირველი საეკლესიო კრება
შემდეგი კრება ეფესოს საეკლესიო კრება
მოიწვია თეოდოსიუს I
თავმჯდომარე მელეტი ანტიოქიელი,
გრიგოლი ღვთისმეტყველი,
ნექტარიოსი
ესწრებოდა 150 ეპისკოპოსი
საკითხები სარწმუნოების სიმბოლო
კანონები დამტკიცდა 7 კანონი

კრებას ესწრებოდა 150 ეპისკოპოსი. მათ შორის იყვნენ: გრიგოლ ღვთისმეტყველი, გრიგოლ ნოსელი, მელეტი ანტიოქიელი, ამფილოქე იკონიელი, კირილე იერუსალიმელი და სხვები. იგი გაიხსნა წმინდა მელეტი ანტიოქიელის თავმჯდომარეობით, რომლის გარდაცვალების შემდეგ კრების თავმჯდომარეობა დაევალა გრიგოლ ღვთისმეტყველს და ბოლოს კონსტანტინეპოლელ ეპისკოპოს ნექტარიოსს. კრებამ განიხილა და დაგმო მაკედონიუსის ერესი და დაამტკიცა მოციქულთა სწავლება სულიწმიდის შესახებ. ამ სწავლების მიხედვით სულიწმინდა არის ცხოველსმყოფელი ღმერთი, რომელიც მამისაგან გამოდის და მამასთან და ძესთან ერთად თაყვანისიცემების და იდიდების.

სარწმუნოების სიმბოლოს, გრიგოლი ღვთისმეტყველის მითითებით წმინდა მამებმა დაამატეს ზოგიერთი გამოთქმა ძე ღმრთისაზე, მოძღვრება წმიდა სულზე („და სული წმინდა უფალი და ცხოველსმყოფელი“...), ეკლესიის ერთიანობაზე („ერთი წმინდა კათოლიკე“...), ნათლობის საიდუმლოებაზე („აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა“...) და მკვდრეთით აღდგომაზე („მოველი აღდგომასა“...).

კრებამ შეიმუშავა და დაამტკიცა 7 კანონი, ხოლო მაკედონი და მისი თანამოაზრენი განიკვეთა.

სხვა ერესთა უარყოფის მიზნით, წმიდა მამებმა დაამტკიცეს მართლმადიდებლური სარწმუნოების ნიკეის სიმბოლო. I მსოფლიო კრების მიერ მიღებულ სიმბოლოში არაფერი იყო ნათქვამი სულიწმიდის თანასწორობაზე და თანაარსებობაზე მამა ღმერთთან, რადგან მაშინ არ იყო ერესი, რომელიც სულიწმიდას გმობდა. ამიტომ წმიდა მამებმა ნიკეის სიმბოლოს დაუმატეს 8, 9, 10, 11 და 12 წევრები, სადაც გადმოცემულია სწავლება სულიწმიდაზე, ეკლესიაზე, საიდუმლოებებზე, მიცვალებულთა აღდგომაზე და მომავალ ცხოვრებაზე, ე.ი. საბოლოოდ დაამტკიცეს ნიკეა-კონსტანტინეპოლის რწმენის სიმბოლო, რომლითაც დღემდე ხელმძღვანელობს წმიდა მართლმადიდებელი ეკლესია.

381 წლის 3 სექტემბერს, აკვილეიში ამბროს მედიოლანელის თავმჯდომარეობით მიმდინარეობდა სამი მიტროპოლიტის (მილანის, აკვილეის და სირმიის ეპისკოპოსთა) კრება, არიოზელთა მოძღვრების დასაგმობად. კრებამ დაადასტურა ნიკეის კრების დადგენილებანი და განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ძე ღმერთის მარადიულობის, მისი ღვთაებრივი ბუნებისა და მამაღმერთთან თანატოლობის მოძღვრებას.

კრების დღესასწაული იზეიმება, სხვა ხუთ მსოფლიო კრებასთან ერთად, როგორც — ექვსი მსოფლიო კრების წმიდა მამათა ხსენება. დღესასწაული გარდამავალია და იგი იდღესასწაულება 16 ივლისის უახლოეს კვირადღეს.

მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებას ესწრებოდა იბერიის ეკლესიის წარმომადგენელი ეპისკოპოსი პანტოფილე.

ლიტერატურა

რედაქტირება

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.