მენაპირე აფთარი, მურა აფთარი (ლათ. Hyaena brunnea), ძუძუმწოვარი მტაცებელი ცხოველი, აფთრისებრთა ოჯახისა. მისი სიმაღლე 65-88 სმ, სხეულის სიგრძე 100-135 სმ, კუდის 18-25 სმ, წონა 37-50 კგ აღწევს. სიცოცხლის ხანგრძლივობა ბუნებაში 24, ხოლო ტყვეობაში 13 წელია. მურა ანუ მენაპირე აფთარი გავრცელებულია სამხრეთ აფრიკის უდაბნოებში, მინდვრებში, ტყიან ადგილებსა და სანაპირო ზოლებში. მისი ბეწვის საფარი უფრო გრძელია, ვიდრე ხალებიანი აფთრისა და შეფერილია მუქი მურა ფერით. ზურგზე გრძელი ფაფარი მოსასხამს მოგვაგონებს. ამის გამო აფთრის ეს სახეობა უფრო დიდად მოჩანს, ვიდრე სინამდვილეში არის.